Instagram-ზე დროის ლიმიტის დაწესების ფუნქცია განახლდა — რა შეიცვალა
TechCrunch-ის თანახმად, Instagram დროის შესაძლო ლიმიტის დასაწესებლად ვარიანტებს ამცირებს და მომხმარებლებს პარამეტრების განახლებისაკენ მოუწოდებს. აქამდე შეგვეძლო, პლატფორმაზე საკუთარი თავისათვის დღეში თუნდაც 5-წუთიანი ლიმიტი დაგვეწესებინა, თუმცა მინიმალური დრო უკვე 30 წუთამდე გაიზარდა.
ცვლილება შემდეგნაირია: მომხმარებელი, რომელსაც აქამდე 10-წუთიანი დროის ლიმიტი ჰქონდა დაყენებული, სიახლეების ზოლის თავში შეტყობინებას აწყდება, რომელიც მას ახალი დღიური ლიმიტი დაწესებისაკენ მოუწოდებს. მასში ნახსენებია ისიც, რომ მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში არსებული ლიმიტის დატოვება შეუძლია, თუმცა რედაქტირების ღილაკზე დაჭერით იგი ხელახალი დაყენების ვარიანტზე მისამართდება, სადაც მინიმალური ლიმიტი უკვე 30 წუთს შეადგენს. აქტივობის გვერდზე დამატებითი შეტყობინება ამბობს იმასაც, რომ 10-წუთიანი ლიმიტი მხარდაჭერილი აღარ არის. ახალი დროის არჩევისაგან თავის შეკავება კი მხოლოდ აპლიკაციის დახურვითაა შესაძლებელი.
როგორც ირკვევა, ლიმიტად მხოლოდ 30 წუთის, 45 წუთის, ერთი, ორი ანდა სამი საათის არჩევაა შესაძლებელი.
დღიური ლიმიტის ფუნქცია ინსტაგრამმა 2018 წელს შემოიღო, პლატფორმის წარმომადგენლებს კი სურდათ, მომხმარებლებს დრო გონივრულად გამოეყენებინათ. ტექ-კომპანიათა პროდუქტებს ზოგჯერ ჩვენს კეთილდღეობაზე არც ისე კარგი გავლენა აქვს, დროის ლიმიტის დაწესების შესაძლებლობა კი სწორედ ამასთან დაკავშირებული კრიტიკის შედეგია.
ზემოხსენებული ცვლილება რამდენიმე თვის წინ ახალი Take a Break ფუნქციის დამატებას მოსდევს, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ, პლატფორმაზე დიდი დროის გატარების შემთხვევაში პერიოდული შეხსენებები მიიღონ.
ამგვარი გადაწყვეტილებები ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Instagram-ის მომხმარებელთა დიდი ნაწილისათვის ცვლილება დიდ გავლენას არ მოახდენს. შესაძლოა, ახალი ნაბიჯი მეტყველებდეს, რომ ინსტაგრამს მომხმარებლების მხრიდან პლატფორმაზე არასაკმარისი დროის დახარჯვა უფრო აღელვებს, ვიდრე მათი კეთილდღეობა.
კომენტარები