Tesla-ს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა — Volkswagen-ს Huawei-ის ავტონომიური მართვის ბიზნესის შეძენა სურს
Tesla-მ მსოფლიო ბაზარზე პოპულარობა უსწრაფესად მოიპოვა და ბევრ ავტომწარმოებელს საფიქრალი გაუჩინა. ერთ-ეთი მოწინავე ტექნოლოგია, რომლითაც ილონ მასკი და Tesla იწონებენ თავს, ავტონომიური მართვის სისტემაა.
როგორც ჩანს, გერმანულმა გიგანტმა, Volkswagen-მა გადაწყვიტა, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს. ავტონომიური მართვის სისტემების ნულიდან შექმნა და განვითარება საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცესია. სწორედ ამიტომ გერმანელებმა გადაწყვიტეს მზა სისტემა Huawei-სგან შეიძინონ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ჟურნალი Manager Magazin ავრცელებს.
Manager Magazin-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Huawei-სა და Volkswagen-ს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ჯერ უცნობია თუ რა თანხაზეა საუბარი, თუმცა ანალიტიკოსები ამ გარიგებას გარდამტეხად მოიხსენიებენ, რადგან ბაზარზე გაჩნდება უდიდესი კონცერნი, რომელიც ამ მხრივ Tesla-ს რეალურ კონკურენციას გაუწევს.
Huawei-ს ავტონომიური მართვის სისტემა უკანასკნელ რამდენიმე წელში საგრძნობლად დაიხვეწა და თუ Tesla-ს პრობლემებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ Volkswagen-ის სახით ილონ მასკს ახალი საფიქრალი ნამდვილად გაუჩნდება.
ილონ მასკი ამტკიცებს, რომ მათი სისტემა უსაფრთხოა და ავარიებს არ იწვევს, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო დეპარტამენტში ტესლას წინააღმდეგ 12 განცხადებაა დაფიქსირებული. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. 2018 წლის შემდეგ, ამ 12 ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა 1 კი დაიღუპა.
ჯერ უცნობია როგორ დასრულდება ჰუავეისა და ფოლკსვაგენის მოლაპარაკებები. ინტერნეტში არც მომავალი ავტომობილის შესახებ გავრცელებულა რაიმე სახის ინფორმაცია, ამიტომ უცნობია როდის აპირებს ამ ტექნოლოგიის დანერგვას ფოლკსვაგენი.
Huawei-ს ჭკვიანი ავტომობილების დანაყოფმა 2021 წელს, მხოლოდ კვლევასა და განვითარებაზე $1 მილიარდი დახარჯა. ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს დიდი ამბიციები აქვთ. მათ სურთ, რომ კვლევისა და დეველოპმენტის განხრით 5 000 ადამიანი ჰყავდეთ დასაქმებული, საიდანაც 2 000 მაინც ავტონომიური მართვის სისტემაზე იმუშავებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები