Samsung მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესს უბრუნდება — ღონისძიება 27 თებერვალს ჩატარდება
Samsung-ის მომდევნო ღონისძიება 27 თებერვალს, მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (MWC) ფარგლებში ჩატარდება. კომპანია გამოფენაზე ვირტუალურად წარდგება და საზოგადოებას ახალ მოწყობილობებს გააცნობს.
ეს კონგრესი, რომელიც ბარსელონაში იმართება, Samsung-ისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რადგან 2014-დან 2018 წლამდე პერიოდში სიახლეებს სწორედ მისი მიმდინარეობისას გვაცნობდა. ამის მიუხედავად, Galaxy S9-ის გამოშვების შემდეგ, კომპანიამ ღონისძიებების ჩატარება დამოუკიდებლად დაიწყო, რადგან არ სურდა, მომხმარებელთა ყურადღება სხვა ბრენდებთან გაეზიარებინა (Sony, LG და ა.შ.).
ამას მოჰყვა კორონავირუსის პანდემია, რომლის გამოც 2020 წელს გამოფენა გადაიდო, ხოლო 2021-ში თავად Samsung, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მას ფიზიკურად არ დასწრებია. ახლა კი ის MWC-ს უბრუნდება.
ძნელი სათქმელია, რას უნდა ველოდოთ კომპანიისგან, რომელმაც ახლახან Galaxy S22 სერიის სმარტფონები წარადგინა. მოსაწვევი ბანერიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ამჯერად Galaxy Z Flip-სა და Z Fold-ის მსგავს, ახალი თაობის გაჯეტებს ვიხილავთ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ყველაფერს ღონისძიებაზე შევიტყობთ, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე ჩატარდება. მისთვის თვალის მიდევნებას Samsung-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და YouTube არხზე შეძლებთ.
კომენტარები