Windows 11-ის პირველი მასშტაბური განახლება უკვე ხელმისაწვდომია — რა უნდა ვიცოდეთ
კომპანია Microsoft მომხმარებლებს Windows 11-ის პირველ მასშტაბურ განახლებას სთავაზობს, რომელიც გაუმჯობესებულ ფუნქციებსა და სხვა ცვლილებებს აერთიანებს. მისით სარგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ადამიანებს უკვე შეუძლიათ, რომლებიც ამ ყველაფერს დატესტავენ და შეაფასებენ.
მათ შორისაა ანდროიდის აპლიკაციები, რომელთა გადმოწერის საშუალებაც Amazon Appstore-დან გვექნება. რა თქმა უნდა, იქ აპების შედარებით მცირე რაოდენობაა, ვიდრე Google Play store-ში, თუმცა ამის გამოსწორებაზე დეველოპერები უკვე მუშაობენ (არაოფიციალურად).
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დავალებათა პანელს ეხება. კერძოდ, საათი და თარიღი ამიერიდან დაკავშირებული მოწყობილობების ეკრანზეც გამოჩნდება. მას დაემატება ამინდის ვიჯეტი, იქ არსებულ ხმის ჩართვისა და გათიშვის ფუნქციას კი Microsoft Teams-ში განხორციელებული ზარების დროსაც გამოვიყენებთ. ასევე, პანელიდან ეკრანის სწრაფად გაზიარებასაც შევძლებთ.
Windows 11-ისთვის შეცვლილია Media Player-ისა და Notepad-ის აპლიკაციები. ამ უკანასკნელში ხელმისაწვდომია შესრულებული ქმედებების მრავალჯერ გაუქმება, ანუ უკან დაბრუნება, გაუმჯობესებული საძიებო ინტერფეისი და ჩაბნელებული რეჟიმი. პირველი კი Groove Music-სა და Windows Media Player-ს ჩაანაცვლებს, ექნება, როგორც ვიდეოს, ისე აუდიოს მხარდაჭერა და უკეთ მოერგება სისტემის მომხმარებლის ინტერფეისს.
Microsoft აპირებს, რომ წელს Windows 11-ში შეტანილი კიდევ მრავალი სიახლით გაგვანებივროს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი რამ, ძირითადად, წელიწადში ერთხელ ხდება.
კომენტარები