Samsung საზოგადოებას 9 თებერვალს ახალ სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებს წარუდგენს, თუმცა ამ წელს ღონისძიება სხვა ფორმატითაც ჩატარდება. მსურველები Samsung Unpacked 2022-ს თვალს ახლა უკვე მეტავერსშიც მიადევნებენ.

ტრანსლაცია თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მისი ყურების საშუალება მომხმარებლებს, ტრადიციულად, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ექნება, სადაც ცოტა ხნით ადრე სპეციალური ფანჯარა გამოჩნდება. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ Samsung-ის YouTube არხს.

უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი ღონისძიება, შარშანდელთან შედარებით, 1 თვით გვიან შედგება. მაშინ, 14 იანვარს, მსოფლიოს Galaxy S21 და S21 Ultra გააცნეს, ისევე, როგორც Galaxy Buds Pro. ამჟამად კი S სერიის ახალ ფლაგმანებს ვიხილავთ.

ალბათ, მეტავერსის ბოლოდროინდელი პოპულარობიდან გამომდინარეა, რომ კომპანიამ ამჯერად იქ გადანაცვლებაც გადაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, რითი იქნება გამორჩეული ეს სივრცე, სახელად Samsung 837X, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს.

ფოტო: Samsung

იქ შესვლა პლატფორმა Decentraland-ითაა შესაძლებელი, სადაც მონაწილეები Unpacked 2022-ს 2D-ში უყურებენ, NFT-ებს შეაგროვებენ და ვირტუალურ გარემოს დაათვალიერებენ. სრულყოფილი გამოცდილების მისაღებად, საჭიროა, სტუმრის სტატუსით არ დავრეგისტრირდეთ, არამედ MetaMask-ის ციფრული საფულე გამოვიყენოთ.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროდუქტების წარდგენას პირდაპირ ეთერში სხვაგანაც აჩვენებენ, მაგალითად, Facebook-ზე, Reddit-ზე, Twitch-ზე, Amazon Live-ზე,TikTok-სა და Twitter-ზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.