ასტრონომებმა ჩვენს მზის სისტემაში არსებული ყველაზე ახალგაზრდა ასტეროიდების წყვილი აღმოაჩინეს
როცა ციური სხეულების ფორმირებაზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, კოლოსალურ დროით მასშტაბებს ვგულისხმობთ, კერძოდ, მილიარდობით წელს. ამის მიუხედავად, ასტრონომების მიერ ახლახან აღმოჩენილი ასტეროიდების წყვილი სულ რაღაც 300 წლის წინ წარმოიქმნა.
გამოცემაში Monthly Notices of The Royal Astronomical Society გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა თქმით, უფრო დიდი ზომის კოსმოსური ობიექტის ეს 2 ფრაგმენტი, ჩვენს მზის სისტემაში არსებულ სხვა მსგავს სხეულებს შორის, ყველაზე ახალგაზრდაა (სულ მცირე, 10 ფაქტორის მიხედვით). შედარებისთვის, როცა თითოეული მათგანი განცალკევდა, დანიელ გაბრიელ ფარენჰაიტი ვერცხლისწყლის თერმომეტრის შექმნაზე მუშაობდა, მსოფლიო კი საფონდო ბირჟის პირველ კრიზისს განიცდიდა.
2019 PR2 და 2019 QR6, რომელთა შორისაც დისტანცია მხოლოდ 1 მილიონ კილომეტრს შეადგენს, ერთმანეთს ძალიან ჰგავს. როგორც სახელებიდანაც ვიგებთ, ისინი მეცნიერებმა პირველად 2019 წელს, სხვადასხვა ტელესკოპის მეშვეობით დააფიქსირეს. დამატებითმა კვლევებმა კი მათ საერთო წარმომავლობასა და სხვა დეტალებს ახადა ფარდა.
"ლოუელის ობსერვატორიის ტელესკოპით ჩატარებული გამოთვლების დახმარებით, ცხადი გახდა, რომ 2019 PR2 და 2019 QR6 საერთო მშობელი ობიექტიდან მომდინარეობს, ხოლო მათი ორბიტების მსგავსება შემთხვევითი არაა", — აცხადებენ სპეციალისტები.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად ასტეროიდთა წყვილი კომეტის ნაწილი იყო, რომელიც დანაწევრდა (რაც ხშირად ხდება). გასაკვირი ისაა, რომ ზემოხსენებულ ობიექტებს კომეტური აქტივობის კვალი არ ემჩნევა.
აღსანიშნავია, რომ მათი წარმოშობის დადასტურებას გარკვეული დრო დასჭირდება. ასტეროიდებს მომდევნო ჯერზე 2033 წელს ვიხილავთ.
კომენტარები