ილონ მასკის კომპანია SpaceX წელს 52 მისიის განხორციელებას გეგმავს
სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია SpaceX მიმდინარე წელს 52 მისიის განხორციელებას აპირებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს მათ მიერ 1 წელში შესრულებული ფრენების რეკორდი იქნება. მაქსიმალური რაოდენობა ჯერჯერობით 31-ა, რომელიც 2021-ში დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს საჰაერო-კოსმოსური უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს (ASAP) ონლაინ შეხვედრაზე გასაჯაროვდა. ექსპერტთა ეს ჯგუფი სააგენტოს პროგრამების ფარგლებში რისკების აცილებას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ NASA-სთვის SpaceX ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. მას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კაფსულით Crew Dragon ასტრონავტების აყვანა, ასევე, იქ ტვირთის ატანა ევალება. კომპანია ამჟამად რაკეტაზე Starship მუშაობს, რომელსაც პროგრამა არტემისის განმავლობაში მთვარეზე გასამგზავრებლად გამოიყენებენ.
ამის გარდა, SpaceX-ს კიდევ მრავალი კლიენტი ჰყავს, რომელთაც დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გაყვანის სერვისს სთავაზობს. თუმცა, 2022-ში ის დედამიწის გარშემო უფრო მეტად საკუთარ, Starlink-ის სატელიტებს განალაგებს, რათა მსოფლიო სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოს.
აღსანიშნავია, რომ ამ წელს 3 გაშვება უკვე განხორციელდა. არაა გამორიცხული, რომ მისიების რაოდენობამ 52-ს ვერ მიაღწიოს, რადგან მსგავსი რამ შარშანაც მოხდა, როცა დაგეგმილზე 17-ით ნაკლები ფრენა შედგა.
ASAP-ის წევრები მასკის კომპანიას მოუწოდებენ, რომ პრიორიტეტი NASA-ს მიენიჭოს და ყველა რესურსი უსაფრთხოების შენარჩუნებას მოხმარდეს.
კომენტარები