WHO-ს ექსპერტები: კორონავირუსის შემდეგი შტამი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს ომიკრონია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ორგანიზებულ კითხვა-პასუხის სესიაზე WHO-ს ექსპერტმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს ომიკრონია. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
ომიკრონის ვარიანტი ინფექციების მზარდი რაოდენობის მიზეზია მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი, როგორც ჩანს, ნაკლებად საშიშია, ვიდრე მისი წინა ვარიანტები, ინფექციის შემთხვევების დიდმა რაოდენობამ შეიძლება ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა მაინც გამოიწვიოს. ბოლო ერთ კვირაში რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით 21 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, იტყობინება CNBC. შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდა ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყო, რასაც მოჰყვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.
მარია კერხოვე პასუხობდა კითხვებს პანდემიის შესახებ, თუ რას უნდა ველოდეთ მომავალში და როდის დასრულდება ის. მან თქვა, რომ შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, შესაბამისად, გავრცელებით ის ომიკრონსაც გადაასწრებს. თუმცა, აქ მთავრი ისაა თუ რამდენად ლეტალური იქნება ახალი შტამი. ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ Pfizer ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას იწყებს.
მაიკ რაიანმა, ჯანმო-ს გადაუდებელი პროგრამების დირექტორმა, ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ვირუსმა სეზონური გრიპის სახე მიიღოს, ან პერიოდული ეპიდემიებით გამოირჩეს. იგივე ვარაუდი ბილ გეიტსმაც გამოთქვა. მისი აზრით, ომიკრონის გავრცელებასთან ერთად, კორონავირუსი გრიპის მსგავსი გახდება.
საბოლოოდ, WHO-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსი კვლავ არაპროგნოზირებადია და რთულია იმის თქმა, თუ როდის და რა სახით დასრულდება პანდემია.
კომენტარები