ბილ გეიტსის აზრით, ომიკრონის გავრცელებასთან ერთად, კორონავირუსი გრიპის მსგავსი გახდება
ბილ გეიტსმა Twitter-ზე გააზიარა თავისი მოსაზრებები მიმდინარე COVID-19-ის პანდემიის შესახებ. მან იმაზეც ისაუბრა თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია, რათა ის უფრო მართვადი გავხადოთ. ამის შესახებ CNET იტყობინება.
გარდა Microsoft-ის დაფუძნებისა, ბილ გეიტსი ცნობილია იმით, რომ ის მსოფლიოს პანდემიების შესახებ აფრთხილებს. ის ასევე ვაქცინების დიდი მხარდამჭერია და მათ მსოფლიოსთვის თანაბრად გადანაწილებაზე ხშირად საუბრობს.
პროფესორ დევი სრიდართან საუბრისას, რომელიც გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოჩენილი ექსპერტია, გეიტსმა გამოთქვა თავისი აზრი, რომ პანდემია, შესაძლოა, 2022 წელს დასრულდეს. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ამისთვის მიზნების სწორად დასახვა იქნება საჭირო.
გეიტსს მიაჩნია, რომ ამისთვის საჭირო იქნება ვაქცინები, რომლებიც არა მხოლოდ ამცირებენ დაავადების გამწვავების რისკებს, არამედ თავად მის გავრცელებაზეც დრამატულად მოქმედებენ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ომიკრონის გავრცელებასთან ერთად, კორონავირუსის პანდემია შეიძლება დასრულდეს და ვირუსი საბოლოოდ ჩვეულებრივ გრიპს დაემსგავსოს. გიეტსი ფიქრობს, რომ ომიკრონზე მეტად გადამდები შტამის გაჩენა ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად, ამჟამინდელმა ინფექციებმა შეიძლება მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყოს ხელი. ეს საბოლოოდ ვირუსს შეასუსტებს, შესაბამისად კორონავირუსის ვაქცინები მის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება.
ამასთან, Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ომიკრონის მიმართ სპეციფიკური ვაქცინა მზად იქნება მარტისთვის. ამ ყველაფრის ფონზე, გეიტსს მიაჩნია, რომ ომიკრონი შეიძლება პანდემიის ბოლო გაჩერება იყოს.
კომენტარები