საოცარი ვიდეო ვების ტელესკოპის ორბიტაზე მოძრაობას გვიჩვენებს
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე მიაღწია თავის ორბიტას, დედამიწიდან დაახლოებით 1.5 მილიონი კილომეტრის დაშორებით. ადამიანები მას ახლო მანძილიდან ვეღარ ვიხილავთ, თუმცა დისტანციურად მართვადმა ტელესკოპმა ორბიტაზე მოთავსებული ვების ტელესკოპის ფოტოები უკვე გამოგვიგზავნა. ფოტოზე იგი შორეულ წერტილად მოჩანს, რომელსაც, ერთი შეხედვით, ვარსკვლავებისგან და შორეული გალაქტიკებისგან ვერც გაარჩევთ.
რობოტი ასტრონომი
სურათი 43 სანტიმეტრიანმა ტელესკოპმა ელენამ გადაიღო. მას Virtual Telescope Project 2.0 მართავს, რომელიც ასტრონომებს იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე ორ დისტანციურად მართვად რობოტ ტელესკოპზე აძლევს წვდომას.
ფოტო სწორედ მაშინ გადაიღეს, როდესაც ვების ტელესკოპმა თავის დანიშნულების ადგილს მიაღწია და ლაგრანჟის მეორე წერტილთან (L2) ახლოს განთავსდა. ყველა სიკეთესთან ერთად, ასტრონომებმა ვებისთვის მოკლე ვიდეოს გადაღებაც შეძლეს, რომელზეც მისი მოძრაობაა აღბეჭდილი.
ვების მომავალი
NASA-ის თავდაპირველი შეფასებით, ვების ტელესკოპს დაახლოებით 10-წლიანი მისიისთვის საკმარისი საწვავი აქვს, ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ იგი ბევრად უფრო დიდ ხანს შეძლებს მუშაობას. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ დროის მანძილზე იგი ღრმა კოსმოსის ყველაზე დეტალურ სურათებს გამოგვიგზავნის, რაც ოდესმე გვინახავს.
ასე რომ, იმედია, მომავალში ვების ტელესკოპისგან უამრავ ფოტოს მივიღებთ, რაც მეცნიერებს კოსმოსის საოცრებების აღმოჩენასა და შესწავლაში დაეხმარება.
კომენტარები