Pixel 6a-ს ოფიციალურად, სავარაუდოდ, მაისში ვიხილავთ
Google-მა Pixel 6 და Pixel 6 Pro სამყაროს გასული წლის ოქტომბერში წარუდგინა. ახლა ცნობილი ხდება, რომ ტექ. გიგანტი მაისში Pixel 6a-ს წარადგენს. ამ თვეების განმავლობაში უამრავმა ინფორმაციამ გაჟონა. ცნობილი გახდა, რომ Pixel 6a შესაძლოა იყოს პირველი a სერიის სმარტფონი, რომელიც Google Tensor ჩიპს მიიღებს. დიზაინის მხრივ ის Pixel 6-ის მსგავსი იქნება. დღეს გავრცელებული ინფორმაციიდან კი ვიგებთ, რომ Google სმარტფონს, სავარაუდოდ, მაისში წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა და სანდო ინფორმატორმა Max Jambor-მა (@Maxjmb) ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. Google თავის ყოველწლიურ I/O კონფერენციას მაისში მართავს ხოლმე. სავარაუდოდ, ახალ Pixel 6a-საც სწორედ Google I/O-ზე ვიხილავთ.
ადრე გავიგეთ, რომ სმარტფონი მთავარ კამერად 12.1 მეგაპიქსელიან Sony IMX363 სენსორს მიიღებს. თუ არ იცით, ეს ზუსტად იგივე სენსორია, რასაც გუგლი Pixel 3-დან Pixel 5a-ის ჩათვლით იყენებდა. Pixel 6 სერიებში მთავარი კამერის სენსორი შეიცვალა და გაახლდა, თუმცა როგორც ჩანს, Pixel 6a-ში ისევ ძველ სენსორს ვიხილავთ. IMX363-თან ერთად Pixel 6a ულტრაფართო კამერისთვის 12 მეგაპიქსელიან IMX386 სენსორს, ხოლო წინა კამერისთვის 8 მეგაპიქსელიან IMX355-ს მიიღებს.
ასევე, Pixel 6a 6.2 ინჩიან ეკრანს მიიღებს, რომელსაც წინა კმაერისთვის ამოჭრილი პატარა ხვრელი ექნება. თითის ანაბეჭდის სენსორი ეკრანქვეშ მოთავსდება. სმარტფონის ზომები დაახლოებით ასეთი იქნება, 152.2 x 71.8 x 8.7mm, კამერის ჭრილთან ერთად კი სმარტფონის სისქე 10.4 მმ-ს მიაღწევს.
სმარტფონის ქვედა ნაწილში USB Type-C პორტს, ერთ დინამიკსა და მთავარ მიკროფონს შევხვდებით. სიმ ბარათის ჩასადები მარცხენა მხარეს განთავსდება ხოლო ჩამრთველი ღილაკი და ხმის ამწევ-დამწევი კი მარჯვნივ.
კომენტარები