Walmart-ს მეტავერსისთვის საკუთარი კრიპტოვალუტისა და NFT-ების გამოშვება სურს
საცალო გაყიდვების გიგანტს, Walmart-ს სურს, რომ თავისი ადგილი მეტავერსშიც დაიმკვიდროს და ფიზიკური სამყაროს გარდა მაღაზიები ვირტუალურ რეალობაშიც გახსნას. ამისათვის მათ თავიანთი ციფრული ვალუტის, ვირტუალური პროდუქტებისა და NFT-ების შექმნა სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
როგორც ვიცით, მარკ ცუკერბერგმა Facebook-ს სახელი გადაარქვა და კომპანიას დღეს უკვე Meta ჰქვია. ამ ნაბიჯით ცუკერბერგმა შეძლო და მთელი მსოფლიო მეტავერსზე აალაპარაკა. რაღა თქმა უნდა, ციფრული რეალობის შექმნის იდეით მალევე სხვა გიგანტებიც დაინტერესდნენ. ცუკერბერგის ნაბიჯამდე მეტავერსები, NFT-ები და სხვა ციფრული ქონება მხოლოდ კრიპტოსამყაროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის იყო საინტერესო, თუმცა Meta-ს გამოჩენის შემდეგ ეს რეალობა შეიცვალა.
როგორც CNBC აღნიშნავს, 2021 წლის 30 დეკემბერს Walmart-მა ამერიკის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ბიუროში 7 სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. მათი უმეტესობა ფინანსური სერვისების პატენტებია, რომლებიც ციფრული ვალუტების, ციფრული პლაფტორმებისა და კრიპტოვალუტებისთვისაა განკუთვნილი.
ვოლმარტის ვირტუალური მერჩი მხოლოდ ტანსაცმლით, წიგნებითა და თამაშებით არ შემოიფარგლება. ჩვენ აქ ვნახავთ სახლის ინვენტარს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ ნივთებსა და სხვა უამრავ რაღაცას.
ამ ნაბიჯით კარგად ჩანს თუ რა ინტენსივობით მუშაობენ ტექნოლოგიური თუ საცალო გიგანტები მეტავერსში თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად.
Walmart-ის წარმომადგენელმა CNBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ "ეს ჯერ მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების შესასწავლი ექსპერიმენტია". ამავე გზას ადგას Nike, Abercrombie & Fitch, da Ralph Lauren. CNBC-ის თქმით, ამ უკანასკნელებმა უკვე დაარეგისტრირეს სავაჭრო ნიშნები თავიანთი ვირტუალური რეალობის მაღაზიებისთვის.
ზოგმა ბრენდმა, მაგალითად Gap-მა, Adidas-მა და Under Armour-მა უკვე გამოუშვა საკუთარი NFT და თითოეული მათგანი მაქსიმუმ რამდენიმე საათში ამოიყიდა.
ციფრულ რეალობაში Walmart-ის შემობიჯებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა აშკარაა, რომ კომპანია ამ ყველაფერს სერიოზულად ეკიდება, რაც ბაზარზე არსებულ კონკურენციას კიდევ უფრო ზრდის.
კომენტარები