იაპონური ბლოგის, Mac Otakara-ს მიხედვით, Apple მეხუთე თაობის iPad Air-ს მეექვსე თაობის iPad Mini-ს მსგავსი მონაცემებით გამოუშვებს. ტაბლეტი A15 Bionic ჩიპს, 12 მეგაპიქსელიან ულტრაფართო წინა კამერას Center Stage-ის მხარდაჭერით და Quad LED True Tone ფლეშ განათებასაც მიიღებს.

ახალი ცნობების თანახმად, ახალი iPad Air შესაძლოა 2022 წლის გაზაფხულზე მესამე თაობის iPhone SE-სთან ერთად ვიხილოთ.

ახალი iPad Air დიზაინით ისეთივე იქნება, როგორიც მისი წინამორბედია. ტაბლეტი ერთ მთავარ კამერას მიიღებს. წინა თაობის iPad Air 2020 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ის 10.9 ინჩიანი ვიწრო ჩარჩოების მქონე ეკრანით იყო აღჭურვილი. სავარაუდოდ ახალი Air-იც მსგავს მონაცემებს მიიღებს. მას ასევე ექნება Touch ID, USB-C პორტი და ფერთა ფართო არჩევანი — Space Gray, Silver, Green, Rose Gold და Sky Blue.

Bloomberg-ის ჟურნალისტი, მარკ გურმანი აღნიშნავს, რომ Apple-ის წლის პირველი ღონისძიება ტრადიციისამებრ მარტში ან აპრილში გაიმართება და iPad Air-სა და ახალ iPhone SE-ს სწორედ აქ ვიხილავთ.

Mac Otakara ასევე აღნიშნავს, რომ iPad Air USB-C პორტს მიიღებს, ხოლო მომავალი 12.9 ინჩიანი iPad Pro 0.5 მმ-ით უფრო სქელი იქნება, რათა მასში mini-LED ეკრანის მოთავსება მოხერხდეს.