რუტლენდის წყალსაცავში "ზღვის დრაკონის" უზარმაზარი ნამარხი აღმოაჩინეს
2021 წლის თებერვალში ჯო დეივისმა, რუტლენდის ნაკრძალის თანამშრომელმა წყალსაცავის ტერიტორიაზე ტალახში რაღაც უცნაური შენიშნა. კაცმა მუნიციპალურ საბჭოს მიმართა და მოახსენა, რომ დინოზავრის აღმოჩენაზე ჰქონდა ეჭვი, თუმცა განამარხებული ნარჩენები ზღვის მტაცებლის, იქთიოზავრისა აღმოჩნდა. 10 მეტრი სიგრძის არსება გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი უდიდესი იქთიოზავრია.
"ტალახში ქვების მაგვარ რაღაცას დავხედე და გავიფიქრე, რომ ცოტა ორგანულად, სხვანაირად გამოიყურებოდა", — განაცხადა დეივისმა — "შემდეგ რაღაც ისეთი დავინახეთ, რაც ყბის ძვალს ძალიან წააგავდა".
მუნიციპალურმა საბჭომ (რომელსაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დინოზავრების დეპარტამენტი არ აღმოაჩნდა) ადგილის დასათვალიერებლად პალეონტოლოგები გაგზავნა.
ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ეს იქთიოზავრი, თბილსისხლიანი ზღვის მტაცებელი იყო, რომელიც ჰაერით სუნთქავდა. სახეობა 250-90 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, მისი წარმომადგენლები კი დაახლოებით 25 მეტრამდე იზრდებოდნენ.
გათხრების ხელმძღვანელმა დინ ლომაქსმა, მანჩესტერის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა, მიგნებას, მისი ზომისა და სისრულიდან გამომდინარე, ბრიტანეთის პალეონტოლოგიურ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა უწოდა.
"იქთიოზავრებისა და ზღვის სხვა რეპტილიების აღმოჩენას დორსეტის ან იორქშირის სანაპიროებზე უფრო ველით. აქ ბევრი მათგანი კლდეთა ეროზიის შედეგად აშკარავდება, ხმელეთის სიღრმეში მისი აღმოჩენა კი ძალიან უჩვეულოა", — განაცხადა მან.
რუტლენდი სანაპიროდან დაახლოებით 50 კილომეტრითაა დაშორებული. 200 მილიონი წლის წინ ზღვის დონეები უფრო მაღალი იყო, არსებას კი ოკეანე ფარავდა.
რუტლენდის წყალსაცავში 2021 წლის ზაფხულის მიწურულს წყლის დონეებმა დაიწია, ამიტომაც პალეონტოლოგები ნარჩენების ამოსათხრელად ისევ გამოჩნდნენ. განსაკუთრებული ყურადღება იქთიოზავრის უზარმაზარი თავის ქალის გადატანას მიექცა — თავის შემცველი თიხის ბლოკი დაახლოებით ერთ ტონას იწონიდა. ტალახიდან ამოღების შემდეგ მას დამატებით გამოიკვლევენ.
"ხშირად არ გვევალება ასეთი მძიმე, მსხვრევადი და ძალიან მნიშვნელოვანი ნამარხის ფრთხილად აწევა", — განაცხადა ნიგელ ლარკინმა, პალეონტოლოგიურმა კონსერვატორმა და მკვლევარმა — "დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა მიყვარს გამოწვევები".
როგორც დეივისმა განაცხადა, ხალხს აღმოჩენის სინამდვილის დაჯერება უჭირს, ამასობაში კი რუტლენდის წყალსაცავის მფლობელი Anglian Water დაფინანსების მოძიებას ცდილობს, რათა იქთიოზავრი იმავე არეალში დარჩეს და საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება მიეცეს.
კომენტარები