8 მიზეზი, რატომ უნდა ვუყუროთ ანიმეს
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ანიმეს მხიარული და იმავდროულად ტრაგიკული სამყაროთი არიან გატაცებულნი, ნაცნობი სიტუაციაა, კითხვის, "შენი საყვარელი სერიალი რომელია", შემდეგ ახალი თუ ძველი მეგობრების ფრთხილად აწონ-დაწონვა და ცოტაოდენი ყოყმანი, სანამ სიმართლეში გამოტყდომას გადაწყვეტდე. თუ მათ არასანდოდ ჩათვლი, უბრალოდ იცრუებ, რომ შენი საყვარელი სერიალი, რაღა თქმა უნდა, მეგობრები ან სამეფო კარის თამაშებია. მაგრამ თუკი გადაწყვეტ, რომ ეს ადამიანი სტერეოტიპებზე მაღლა დგას, მაშინ საკუთარ თავს უფლებას აძლევ, შენს რჩეულ გასართობზე ისაუბრო და თვალები ვარსკვლავებით აგევსოს. თუმცა ამგვარი სცენარი ხშირად არ თამაშდება — უმეტესად, თუ გაიგეს, რომ ანიმეს მოყვარული ხარ, პასუხად სიტყვებს, "აუ, ეს ანიმეშნიკი ყოფილა", და სიცილს იღებ.
სტერეოტიპით, რომ იაპონური ანიმაციური სერიალები სისულელე და უაზრობაა, არც ისე დიდი ხნის წინ თავადაც ვცხოვრობდი. როგორც კი ტელევიზორში ანიმეს შევუსწრებდი, მაშინვე სხვა არხზე ვრთავდი. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მოულოდნელად გავიაზრე, რომ იაპონური კულტურის ელემენტებით დატვირთული ანიმაციური სერიალის ფანი უკვე გახლდით. ეს სერიალი ავატარი: ლეგენდა აანგზე იყო და მისით და მისი პერსონაჟებით აბსოლუტურად შეპყრობილი ვიყავი. ბავშვობაშიც კი შევამჩნიე, როგორ იყო კომედია, ტრაგედია, რომანტიკა და სიკეთის იდეა ერთმანეთთან იდეალურად შერწყმული და როგორი სიღრმით გამოირჩეოდნენ გმირები, რომლებიც, წესით, მოზარდებისთვის იყვნენ განკუთვნილნი.
მართალია, ავატარი კლასიკური გაგებით ანიმე არ არის, მაგრამ ბევრი საერთო ნამდვილად აქვს მასთან. და ის იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი ხათრით გადავწყვიტე, გამერისკა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმე, ნარუტო ჩამერთო. დღეს უკვე თამამად შემიძლია თქმა, რომ ცხოვრებაში ასე წარმატებით არასდროს გამირისკავს.
შესავალი ზედმეტად რომ არ გაგვიგრძელდეს, გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა გადადგათ თქვენც ეს ნაბიჯი:
1. სუნთქვისშემკვრელი ანიმაცია
პირველ რიგში, რაც ამა თუ იმ ანიმესკენ (და მანგისკენ) მიგვიზიდავს, მისი ესთეტიკური სილამაზეა. ამ მხრივ, მაყურებელს განსაკუთრებით Studio Ghibli-ს ისეთი ფილმები იტაცებს, როგორებიცაა, ჰოულის მოძრავი სასახლე, ქარი მატულობს თუ მოჩვენებების მიერ გატაცებულნი. თუმცა მათ გვერდით აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეტად უცნობი, თუმცა არანაკლებად შთამბეჭდავი ხმის ფორმა, შენი სახელი, სიტყვების ბაღი და 5 სანტიმეტრი წამში.
ამ ნამუშევრებში დაუჯერებელი მშვენიერებით არა მარტო პერსონაჟები გამოირჩევიან, არამედ — პეიზაჟები, ბუნების სხვადასხვა მოვლენა, ტრადიციული სამოსისა და საცხოვრებლების უმცირესი დეტალები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მზარეულობის პროცესი და მისი კუჭისამაწრიალებელი შედეგიც კი.
2. უსაზღვრო წარმოსახვა
შეუძლებელია, ამბავი, რომელსაც თქვენ წარმოიდგენთ, უკვე ანიმედ არ იყოს ქცეული. აქ რაღას აღარ გადააწყდებით: ბიჭს, ხორცს ყველაზე მადიანად რომ შეექცევა და უნდა, მეკობრეების მეფე გახდეს; დროში მოგზაურ თინეიჯერს; სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც უეცრად თავს ერთმანეთის სხეულებში ამოყოფენ; ტიტანებზე მებრძოლებს; ცხრაკუდა მელას და ასე შემდეგ — ანიმეების მხატვრულ სამყაროში შესაძლებლობები უსაზღვროა.
აქ არც ჟანრული შეზღუდვებია: სათავგადასავლო, საომარი, კომედიური, საშინელებათა თუ ფანტასტიკური ჟანრების მოყვარულები, ყველა წარმატებით იპოვის ისეთ ანიმესა და მანგას, როგორიც ზუსტად მის ინტერესებზე იქნება მორგებული.
3. ძლიერი ქალი პერსონაჟები
პოპკულტურა საინტერესო და მრავალგანზომილებიანი ქალი პერსონაჟებით იშვიათად გვანებივრებს, თუმცა ანიმე ამ მხრივ საბედნიერო გამონაკლისია. მაგალითად, სულ ახლახან, დეკემბრის დასაწყისში, ჯოჯოს დაუჯერებელი თავგადასავლის მეექვსე ნაწილი გამოვიდა, რომლის მთავარი გმირი ამჯერად ქალია. ანიმეს ამ ნაწილმა მოლოდინებს გადააჭარბა — მან უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ბევრი თვლის, რომ მთლიანი სერიალის საუკეთესო ნაწილიც კია. მთავარი გმირი ჯოლაინ კუჯო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, მზრუნველი და ძლიერი პერსონაჟია, რომელიც ნებისმიერ კაც პერსონაჟს არ დაუდებს ტოლს.
ამის გარდა, შეგვიძლია, ტიტანებთან შერკინების დაუვიწყარი პერსონაჟი, მიკასა გავიხსენოთ, მოჩვენებების მიერ გატაცებულიდან — ჩიჰირო, პრინცესა მონონოკედან კი — სანი. განსაკუთრებულ მოწონებას Jujutsu kaisen-ის შეუდარებელი ქალი გმირები იმსახურებენ, რომლებსაც დახმარება თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცისგან არ სჭირდებათ და სასტიკ მაგიურ არსებებს თავადაც უმკლავდებიან. ცალკე ვაიოლეტ ევერგარდენიც უნდა გამოვყოთ, რომელიც თავისი განსაკუთრებულობით თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ.
4. ემოციები ბიჭებსაც აქვთ
თუ წინა პუნქტი არ დაგარწმუნებთ, რომ ანიმეში მავნე გენდერულ სტერეოტიპებს ნაკლებად ვხვდებით, მაშინ გეტყვით, რომ ამ არაჩვეულებრივ სამყაროში ემოციების გამოხატვის საშუალებას ბიჭებსაც აძლევენ. აქ ბიჭს შეუძლია იტიროს, იზრუნოს სხვა ადამიანზე, შიში არ დაფაროს, "ფემინურად" აღიქმებოდეს, საკუთარ გრძნობებზე ისაუბროს. ანუ იყოს ყველაფერი ის, რაც რეალურ ცხოვრებაში "არამამაკაცურად" ითვლება ხოლმე და ბიჭებს ემოციების სრულყოფილად განცდასა და გამოხატვას უკრძალავს. არადა, რეალურად, ეს თვისებები შინაგანი სიძლიერის წინაპირობაც კია.
ანიმეს სამყაროს კარგად ესმის, რომ გრძნობების ჩვენება სისუსტის ნიშანი სულაც არაა. მაგალითისათვის, ზენიცუ დემონების მკვეთი ხმლიდან, არც ტირილს ერიდება და არც შიშის ჩვენებას, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ეს მის სიმამაცეს ოდნავადაც არ უშლის ხელს.
5. ცხოვრების ბნელი მხარეებისთვის თვალის გასწორება
ბევრისთვის ის ფაქტი, რომ რაღაც დახატულია, ავტომატურად ასოცირდება საბავშვო პროდუქტთან. თუმცა, რეალურად, ანიმე იმდენად ღრმა, დამაფიქრებელი და ტრაგიკულია, რომ, როგორც წესი, მოზარდებთან ერთად, ზრდასრულებისთვისაცაა განკუთვნილი. ის ხშირად არსებობის ბნელ მხარეებზე ფოკუსირდება, რისი მაგალითიც ხმის ფორმა არის. ეს გახლავთ ანიმე ბულინგზე და იმაზე, თუ როგორ ცვლის ის ყველას ცხოვრებას — არა მხოლოდ მსხვერპლის, არამედ მოძალადეებისაც.
ანიმეში ვხვდებით ისეთ უზომოდ ტრაგიკულ პერსონაჟებს, როგორებიცაა, იტაჩი უჩიჰა ნარუტოდან და გეტო სუგურუ Jujutsu kaisen-იდან. ეს ორივე პერსონაჟი სამართლიანობისა და მშვიდობის სახელით უმძიმეს მორალურ გადაწყვეტილებებს იღებს. თუმცა იმის მიხედვით, თუ როგორ ესმით მათ ეს ცნებები, ერთს გმირად ვიცნობთ, მეორეს კი — ბოროტმოქმედად.
ანიმეში ეგზისტენციალური კრიზისით დატანჯულებსაც შევხვდებით. ამის მაგალითია დაზაი ოსამუ ბუნგოუს მაწანწალა ძაღლებიდან. მას და მის მსგავს პერსონაჟებს ზუსტად ისეთი პრობლემები აწუხებთ, როგორიც — ჩვენ, მაყურებლებს. ისინიც ჩვენსავით აწყდებიან მორალურ დილემებს, დაბნეულები და გზადაკარგულნი არიან. საკუთარი თავის პერსონაჟებში აღმოჩენა კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა, რისი შემოთავაზებაც ხელოვნების ნიმუშს შეუძლია და სწორედ ამაში მდგომარეობს ანიმეს კიდევ ერთი სილამაზე.
6. მნიშვნელოვანი გაკვეთილები
შეიძლება, კლიშეა, მაგრამ ანიმეს პერსონაჟები, როგორებიცაა ნარუტო, ტანჯირო (დემონების მკვეთავი ხმალი) თუ დეკუ (ჩემი საგმირო აკადემია), გვასწავლიან, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ დანებება გამოსავალი არაა.
რამდენადაც უსამართლოდ უნდა გვეჩვენებოდეს ცხოვრება და ურთიერთობები, მათში მაინც არის რაღაც კეთილი, მშვენიერი, ადამიანური. ანიმეს პერსონაჟებიც სწორედ ამ უკანასკნელს შეგვახსენებენ — ადამიანობას და იმას, თუ რამხელა ძალის მქონეა სიკეთე და ერთმანეთის სიყვარული. თანაც, ეს გმირები იმდენად მონდომებულები არიან, რომ ყველაზე ზარმაცებსაც კი გვაძლევენ მოტივაციას, განვვითარდეთ, ვისწავლოთ და პიროვნულად გავიზარდოთ. ვინ იცის, ეს იქნებ ზუსტად ის გზავნილია, რომლის მოსმენაც ცხოვრების ამ ეტაპზე გჭირდებათ.
7. სექსუალური ორიენტაციის მრავალფეროვნების წარმოჩენა
ანიმე ჰომოფობიისგანაც თავისუფლდება. აქამდე თუ ტაბუ იყო, ახლა ავტორები თანდათან მეტ გეი პერსონაჟს წარმოგვიდგენენ. თუ გავიხსენებთ ზემოთ თქმულს იმაზე, თუ რამდენად განსაზღვრავს პერსონაჟთან თვითიდენტიფიკაციის უნარი ხელოვნების ნიმუშის ღირებულებას, ალბათ რთული მისახვედრი არ იქნება, რატომაა ეს მისასალმებელი ფაქტი.
თუ ეს საკითხი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში გირჩევთ, უყუროთ ჯოჯოს დაუჯერებელ თავგადასავალს, სადაც რამდენიმე გეი წყვილს ვხვდებით.
8. კატების მოყვარულთა სამოთხე
თუ ზემოთ მოყვანილმა პუნქტებმა ვერ დაგარწმუნათ, რომ ანიმე ისაა, რაც ცხოვრებაში გჭირდებათ, მაშინ, ნება მიბოძეთ, სიხარულით გაცნობოთ, რომ ანიმე და მანგა კატების მოყვარულთა სამოთხეცაა. ალბათ, არ არსებობს ანიმე, სადაც ერთ პატარა, მომხიბლავ ფისოს არ გადააწყდებით, რომელიც თქვენს გულს მოინადირებს. მეტის თქმა საჭიროა?
ამ ყველაფრის გარდა, უამრავი მიზეზია, თუ რატომ იმსახურებს ანიმე თქვენს ყურადღებას. მაგალითად, ის გაგაცნობთ იაპონურ კულტურას თუ მითოლოგიას და იმ ადამიანებთან დაგაკავშირებთ, რომლებთან შთაბეჭდილებების გაცვლაც ანიმეს სიყვარულს კიდევ უფრო სახალისოს გახდის. ასე რომ, სია აქ არ სრულდება, მაგრამ, მგონი, უკვე საკმაოდ დაინტერესდით და პოპკორნიც მოიმარაგეთ.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
კომენტარები