ოპოზიციასთან ერთად ღარიბაშვილმა კრიტიკა არ დააკლო ყოფილ თანაგუნდელსა და მის წინამორბედს, გიორგი გახარიას. მართალია გახარიას სახელი ღარიბაშვილს არც ერთხელ არ უხსენებია, მაგრამ მთელ განცხადებას გასდევდა პათოსი იმის შესახებ, რამდენად რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარა და როგორ გამოასწორა არსებული პრობლემები.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თებერვალში, როცა მთავრობისა და შესაბამისად, ქვეყნის მეთაურობა ჩაიბარა, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ხელოვნურად იყო აწეული "საკმაოდ მაღალ ნიშნულზე". მან თქვა, რომ მართვის სადავეების ხელში აღებისთანავე "ყველას კუთვნილი ადგილი მიუჩინა" და მუქარანარევი ტონით დაგვპირდა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

"ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას. უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ პრინციპებს არ აღიარებდა, შესაბამისად, შეურაცხყოფდა ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემ მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ, ქვეყანაში დავამყარეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ვადებთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. მისი გადადგომისა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცებიდან რამდენიმე საათში მელია დააკავეს. ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლისას არ დაუკონკრეტებია, ვის ემუქრება იგივე მომავალში. საგულისხმო ა, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციონერი ლიდერები დაკავებების ახალი ტალღის მოლოდინში არიან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტია ლელოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები დასკვნით ფაზას მიუახლოვდა.

ღარიბაშვილი, ასევე, დაგვპირდა, რომ მისი პრემიერობის დროს "არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა", თუმცა იქვე აღნიშნა რომ კანონების აღსრულებას "არავის შეეკითხება". ღარიბაშვილს ამ გამოსვლისას ევროპარლამენტარები ან ქვეყნის სხვა საერთაშორისო პარტნიორები არ გაუკრიტიკებია, თუმცა გაიმეორა პათოსი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ბოლო პერიოდში მუდმივად თან სდევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არავის დაუხრის თავს".

"ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კანონისა და კონსტიტუციის უზენაესობაზე ხაზგასმის მიუხედავად, ღარიბაშვილს არ უსაუბრია ადამიანის უფლებებზე. არ უხსენებია არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქცია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 17 მაისზე და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. არ უსაუბრია, ასევე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. არ უხსენებია არც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სამაგიეროდ, ბევრი ისაუბრა იმ სფეროებზე, რომლებშიც, მისი აზრით, ქვეყანამ 2021 წელს წარმატებას მიაღწია.

ეკონომიკა

ეკონომიკაზე საუბარიც ღარიბაშვილმა წინა პრემიერმინისტრის კრიტიკით დაიწყო და განაცხადა, რომ თანამდებობაზე მოსვლისას პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური კრიზისიც დახვდა. შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით — "ეკონომიკა ადუღდა", რაც, ღარიბაშვილის თქმით, "ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვით" მოახერხა.

პრემიერმინისტრმა მომავალი წლისთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიულ მაქსიმუმზე ასვლა დაგვიანონსა.

"2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5 500 დოლარს გადააჭარბებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტსაც შევამცირებთ", — განაცხადა მან.

პანდემია

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ღარიბაშვილმა პანდემიაზე საუბარიც წინა პრემიერმინისტრის კრიტიკით დაიწყო. მან თქვა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად ქვეყანაში არ იყო ვაქცინების მარაგი. შემდეგ, ისევ გაიმეორა, რომ პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ პირადად ესაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, Pfizer-ისა და სხვა კერძო მწარმოებელი კომპანიების პრეზიდენტებს, ჩინეთის პრემიერს, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რის შედეგადაც "საქართველომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები მიიღო".

პრემიერმინისტრი მთელი წლის განმავლობაში დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ 2022 წლამდე მოსახლების 60% იქნებოდა აცრილი, წლის მიწურულს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 37,4%-ა. ამის მიუხედავად, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მთავრობამ ვაქცინაციის წამახალისებლად აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა.

პრემიერმინისტრი გვპირდება, რომ მომავალი წლისთვის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის ხელშეწყობა იქნება და ამისთვის ჯანდაცვის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშს ესწრებოდა ჯერ კიდევ მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც, რომლის თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ღარიბაშვილთან დაპირისპირება სახელდება. მართალია კონფლიქტს არცერთი მხარე არ ადასტურებს, თუმცა ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ პანდემიასა და ჯანდაცვის მიღწევებზე საუბრისას ღარიბაშვილს ტიკარაძე ერთხელაც არ უხსენებია. უფრო მეტიც, განცხადების ბოლოს ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ცალკეული სამინისტროების ხელმძღვანელებს, თუმცა ტიკარაძე ვერც იმ მინისტრთა სიაში მოხვდა, რომლებმაც პრემიერისგან მადლობა დაიმსახურეს.

საგარეო პოლიტიკა

პრემიერმინისტრის შეფასებით, წელს მთავრობის საგარეო პოლიტიკა წარმატებული იყო. მან ჩამოთვალა რომელ საერთაშორისო შეხვედრებსა თუ სამიტებში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ "საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში შესასვლელად", ამისთვის კი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება ველოდეთ ამ გადაწყვეტილების მიღებას.

პრემიერმინისტრს არ უსაუბრია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლითაც სერგეი ლავროვის უწყებამ საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლის დაპირების გაუქმება მოითხოვა. სამაგიეროდ, ისაუბრა პირად დამსახურებაზე რეგიონში არსებული გამოწვევების პროცესში.

"გახსოვთ, რომ ჩემ მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციით, წელს ივნისის თვეში, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შედეგად აზერბაიჯანის მთავრობამ ომის დროს დატყვევებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. სწორედ ეს არის დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში პრემიერმინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის კრიტიკის ნაცვლად ქართული ოცნების პოლიტიკა შეაქო. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მათ უარი თქვეს ოკუპანტთან "ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე".

"ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და ჩვენს შორის არსებული მთავარი პრობლემის — ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა და დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება", — თქვა მან.

ღარიბაშვილს ამ გამოსვლაში არ უხსენებია ვლადიმერ კანიაშვილი, კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე — მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს, გუშინ, 17 დეკემბერს კი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

არჩევნები

ღარიბაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ "გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა". ოპონენტების კრიტიკის შანსი, რა თქმა უნდა, არც ამჯერად გაუშვა ხელიდან და განაცხადა, რომ ოპოზიციამ "წინასაარჩევნო პროცესში სიცრუისა და ძალადობის მთელი რესურსი ჩადო". ის ამტკიცებს, რომ "ანტისახელმწიფოებრივი ძალები" სამოქალაქო დაპირისპირებას გეგმავდნენ, თუმცა სახელმწიფო, მისი მეთაურობით, მოწოდების სიმაღლეზე იყო და სისხლისღვრისა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდება შეძლო.

გარდა ამისა, პრემიერმინისტრმა დეტალურად ისაუბრა უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე განათლების ინფრასტრუქტურის, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ონლაინ კაზინოების აკრძალვაზე, აზარტული თამაშების რეკლამირების რეგულირებაზე, სოციალურად დაუცველების დასაქმების ხელშეწყობაზე, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების საჭიროებაზე, იპოთეკური სესხების რეგულირების პროგრამაზე, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებზე და ა.შ. თოთოეულ ამ თემაზე საუბარს ღარიბაშვილი პარტიაზე საუბრით, უფრო ზუსტად კი ქართული ოცნების ქებით ასრულებდა.

"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი და იმ დიდ პოლიტიკურ გუნდთან ერთად გავუძღვე მთავრობას, რომელიც იცავს, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს და რომლისთვისაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა", — განაცხადა ღარიბაშვილმა

ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაწილია და ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი

მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ამაყობს იმ გუნდით, რომელსაც ხელმძღვანელობს.

"ქართული ოცნება" არის ერთიანი და ძლიერი გუნდი, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი ერთობა, რომელიც ხელისუფლებაში მესამე ვადით არის წარმოდგენილი და 2012 წლიდან მოყოლებული ხალხის ნდობას იმსახურებს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია", — ამბობს ღარიბაშვილი.

საუბრის დასასრულს მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მინისტრს და შეაქო მათი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტებისთვის. ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ისაუბრა იუსტიციის როგორც ყოფილი, ისე მოქმედი მინისტრების, თეა წულუკიანისა და რატი ბრეგაძის მიღწევებზე. შეაქო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანიც, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მადლობა არ გადაუხდია ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრისთვის, ეკატერინე ტიკარაძისთვის. მიუხედავად იმისა, ბევრი ისაუბრა ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაზე, ღარიბაშვილის მადლობა ვერც ამ სფეროების სამინისტროების ხელმძღვანელებმა, ნათია თურნავამ და დავით ზალკალიანმა დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა არც ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. სამაგიეროდ, პრემიერმინისტრს მადლობის გადახდა არ დავიწყებია ექიმების, სამხედრო მოხელეების, პოლიციელებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის.