ექსპერტების თქმით, კაცობრიობა სიბერის დამარცხებასთან ახლოს არის
სხვადასხვა დარგის სპეციალისტები თამამი პროგნოზებით გამოდიან. მათი აზრით, 2050 წლისთვის 70 წლის ადამიანი გარეგნულად 50 წლისას ემგვანება. რა თქმა უნდა, ეს პროგნოზი ჯანმრთელობასაც მოიაზრებს.
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ბოლო დროს უამრავი კომპანია თუ სტარტაპი ჩნდება და ისინი საკითხს საკმაოდ სერიოზულად უდგებიან. მათ შორის არის ჯეიმს პეიერის სტარტაპი Cambrian Biopharma, იუწყება the Times of London.
"ჩვენი სახეობის 100 000-წლიანი ისტორიიდან, მხოლოდ 75 წელია, რაც დაბერებას როგორც დაავადებას ისე ვუდგებით. დღეს დაბერება კაცობრიობის მთავარი მტერია. ჩვენ სწრაფად ვიკვლევთ ამ უდიდეს მტერს და მალე გვეცოდინება როგორ დავამარცხოთ ის", — ამბობს ჯეიმს პეიერი.
ღეროვანი უჯრედების მკვლევარი, რომელმაც დააარსა თავისი სტარტაპი გერმანელ მილიარდერ კრისტიან ანჯერმაიერთან ერთად, პეიერი თვლის, რომ დაბერება დაავადებაა, რომელსაც ადამიანები ფარმაცევტული საშუალებებით უნდა ებრძოლონ. ის ამის დამტკიცებას ჯერ ისეთი დარღვევებისა და დაავადებების იდენტიფიცირებით აპირებს, როგორებიცაა კუნთის მასის დაკარგვა. დაბერების გამომწვევი მიზეზების ზუსტად იდენტიფიცირების შემდეგ ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შექმნას გეგმავს.
ეს ერთი შეხედვით ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივაა, მაგრამ დროსთან ერთად ამ საკითხით სულ უფრო მეტი ინვესტორი ინტერესდება.
ასევე: ამერიკელი მილიარდერის ახალი კომპანია ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებას შეეცდება
თავად Cambrian Biopharma-მ გასულ თვეში წარმატებით მოიზიდა $100 მილიონი ინვესტორთა ჯგუფისგან.
მეტიც, როგორც Times-მა აღნიშნა, სილიკონის ველის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე დაიწყო მეტფორმინის მიღება. ეს დიაბეტის ზოგადი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად.
რამდენიმე წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ მეტფორმინს აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, თუმცა, ის არ არის ფართოდ გამოკვლეული, რადგან "დაბერება" არ განიხილება დაავადებად არც ერთი სახელმწიფო ორგანოს მიერ. მიუხედავად ამისა, უკვე 70 მილიონი დოლარი გამოიყო, რათა დაფინანსდეს მეტფორმინის, როგორც სიცოცხლის გახანგრძლივების მეთოდის შესწავლა.
ასევე: შესაძლოა, ახალგაზრდების სისხლის გადასხმა გაახალგაზრდავებაში დაგეხმაროთ — კვლევა
დაბოლოს, მაინც, რატომ ვბერდებით? ექსპერტების თქმით, ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ის ზედმეტად კომპლექსურია და მოიცავს უამრავ ისეთ ფაქტორს, რაც ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვესმის. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი სწორედ რომ "ჯერ" არის. სასწორის ორ მხარეს სიბერეს და მეცნიერებას თუ დავაყენებთ, სიბერის წინააღმდეგ იმ ფაქტორს ექნება წონა, რომ ადამიანებმა უკვე ბევრი "ჯერ" გავაჩინეთ და ბოლოს გადავლახეთ კიდევაც.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები