ამ კითხვარით გაიგებთ, არის თუ არა თქვენი კატა ფსიქოპათი
დიდ ბრიტანეთში მდებარე ლივერპულის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, კითხვარი შეადგინეს, რომლის მეშვეობითაც გაიგებთ, არის თუ არა თქვენი კატა ფსიქოპათი.
მკვლევრებმა ტესტი ფსიქოპათიის ტრიადულ მოდელზე დააფუძნეს, რომელიც სამ ძირითად თვისებას აერთიანებს — გამბედაობას, სიავესა და თავშეუკავებლობას. ის, პირველ რიგში, ადამიანებს მიესადაგება, თუმცა ჩვენს ამ ოთხფეხა მეგობრებზეც ვრცელდება, რომლებიც უჩვეულო ხასიათით სახელგანთქმულნი არიან.
ფსიქოპათიის დონის საზომზე, რომელსაც CAT-Tri+ დაარქვეს, ავტორები გამოცემაში Journal of Research in Personality გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ 46-პუნქტიანი კითხვარის შევსებით პატრონები თავიანთ ცხოველებზე მეტს გაიგებენ, რაც მათ ურთიერთობაზე დადებითად აისახება.
"სავარაუდოდ, ფსიქოპათიის მარცვალი ყველა კატაშია, რადგან ეს მათ წინაპრებს რესურსების ათვისებაში ეხმარებოდა. კერძოდ, საკვების მოპოვებაში, ტერიტორიის მონიშვნაში და შეჯვარებაში", — აცხადებენ მეცნიერები.
კითხვები მარტივია, მაგალითად, რამდენად უყვარს თქვენს კატას მაღალ ადგილებზე ჯდომა, ჩიტების ან თაგვების დაჭერა/წვალება/დახოცვა, ხმამაღლა კნავილი, უმიზეზოდ აქეთ-იქით სირბილი და ა.შ. ასევე, როგორ რეაგირებს საფრთხეზე, დამჯერია თუ არა, რამდენად მეგობრულია ადამიანებთან და სხვა კატებთან ან ძაღლებთან.
შედეგად, შეგვიძლია, მათი სიავის, თავშეუკავებლობის, გამბედაობისა და არამეგობრულობის მაჩვენებელი, ბოლოს კი CAT-Tri+ გამოვითვალოთ.
კომენტარები