დედამიწის "შავი ყუთი" პოსტ-აპოკალიფსურ საზოგადოებას ჩვენი ქმედებების შესახებ ამცნობს
მალე დედამიწას საკუთარი "შავი ყუთი" ექნება, რომელიც ავსტრალიაში მდებარე კუნძულ ტასმანიის დასავლეთ სანაპიროზე განთავსდება. ჩვენი ცივილიზაციის განადგურების შემთხვევაში, ის პოსტ-აპოკალიფსურ საზოგადოებას ამცნობს, თუ რამ მიგვიყვანა იქამდე, რათა მათ იგივე შეცდომები არ დაუშვან.
ფოლადის უზარმაზარი კონსტრუქცია მყარი დისკებით აღიჭურვება, მზის ენერგიაზე იმუშავებს და სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის შესახებ მუდმივად განახლებად მეცნიერულ მონაცემებს შეინახავს. მაგალითად, კლიმატის ცვლილებასთან, გარემოს დაბინძურებასთან, ცხოველთა სახეობების გადაშენებასთან და სხვა ამგვარ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გააერთიანებს. ვინც მას მომავალში აღმოაჩენს, შესაძლებლობა ექნება, რომ ჩვენს პლანეტაზე მომხდარ მოვლენებზე დეტალური ცნობები მიიღოს.
ასევე, იხილეთ: ბრიტანელი პალეონტოლოგის აზრით, ადამიანთა მოდგმა მალე გადაშენდება
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ კატასტროფის შესაჩერებლად არაფერს მოვიმოქმედებთ და ბუნებაზე ჩვენს უარყოფით გავლენას ერთხელ და სამუდამოდ არ დავუსვამთ წერტილს.
ამ ინოვაციურ პროექტს ავსტრალიაში დაფუძნებული კომპანიები Clemenger BBDO და Glue Society ტასმანიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებენ. მათ მიერ შექმნილი დიდი ზომის სტრუქტურის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება, თუმცა მისი კონკრეტული ადგილმდებარეობა ჯერჯერობით გასაჯაროებული არაა.
ასევე, იხილეთ: როგორი იქნებოდა დედამიწა ადამიანს რომ არ ეარსება
იდეის ავტორთა განცხადებით, დედამიწის "შავი ყუთი" სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას საკუთარ ქმედებებზე ან უმოქმედობაზე პასუხისმგებლობის აღებას აიძულებს, რადგან მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი პლანეტის ციფრული მეხსიერების ნაწილი გახდება. ეს საზოგადოებისთვისაც ერთგვარი გაფრთხილებაა, რომელიც გლობალური საფრთხეების თავიდან აცილებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ბეტა ტესტირების ფარგლებში მონაცემების შეგროვება უკვე დაიწყო.
კომენტარები