ნახეთ: ახალი ჰუმანოიდი რობოტი სახის რეალისტური გამომეტყველებით
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Engineered Arts საკუთარ ოფიციალურ იუთუბ არხზე ახალი ჰუმანოიდი რობოტის ვიდეო გაავრცელა, რომელიც მისი მოქნილი ხელოვნური სახის რამდენიმე, რეალისტურობით გამორჩეულ გამომეტყველებას გვიჩვენებს.
ეს Ameca გახლავთ, რომელსაც მონაცრისფრო შეფერილობის სახე აქვს. მისი მეშვეობით ვიდეოს დასაწყისში, თვალების გახელის შემდგომ, ადამიანის მსგავსი რობოტი გაოცებას გამოხატავს და საკუთარ მექანიკურ ხელებს ინტერესით ათვალიერებს. ჭკვიანი მანქანის მომდევნო გამომეტყველებაში შეცბუნების ამოკითხვა ძნელი არაა, რადგან ის ამას დიდი ოსტატობით ახერხებს, ბოლოს კი კეთილგანწყობილი ღიმილით გვემშვიდობება.
ერთი შეხედვით, მოწყობილობა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მხატვრულ ფილმში I, Robot წარმოდგენილ რობოტებს მოგვაგონებს, თუმცა ჯერჯერობით მათნაირად დახვეწილი არაა. მას ამ ეტაპზე სიარული არ შეუძლია, მაგრამ კომპანიის განცხადებით, ეს ფუნქციაც მალე დაემატება.
ახალ პროდუქტს ისინი ერთგვარი პლატფორმის დანიშნულებით იყენებენ, რომელზეც მომავლის ინოვაციურ ტექნოლოგიას ცდიან, რათა ის განავითარონ. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამისთვის Ameca იდეალური ვარიანტია.
Engineered Arts-ის რობოტს 2022 წელს, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზეც ვიხილავთ. როგორც კომპანიის ვებგვერდიდან ვიგებთ, მსურველებს მისი შეძენა ან სხვადასხვა სანახაობისთვის დაქირავება უკვე შეუძლიათ, თუმცა რა თანხის გადახდა მოუწევთ, ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები