რუსული კომპანია მათი რობოტებისთვის თქვენს სახესა და ხმას $200 000-ად იყიდის
რუსული ტექნოლოგიური კომპანია Promobot მათ მიერ წარმოებული ჰუმანოიდი რობოტებისთვის ნამდვილი ადამიანის "კეთილ და მეგობრულ" სახეს ეძებს, რომლის მსგავსსაც ათასობით მოწყობილობას მოარგებენ. ისინი მსურველებს მათი გარეგნობისა და ხმის უვადოდ გამოყენების სანაცვლოდ 200 000 აშშ დოლარს გადაუხდიან.
"2019 წლიდან მოყოლებული, ბაზარს ჰუმანოიდი რობოტებით აქტიურად ვამარაგებთ. ჩვენს კლიენტებს ფართომასშტაბიანი პროექტის წამოწყება სურთ, რომლის სწრაფად განსახორციელებლადაც მოწყობილობებისთვის ახალი გარეგნობის ლიცენზირებაა საჭირო", — აცხადებენ Promobot-ში.
მათი დამკვეთი აშშ-ში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც რობოტების გაგზავნას ჩრდილოეთ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში მდებარე მოლებში, საცალო მაღაზიებსა თუ აეროპორტებში გეგმავს. სწორედ ამიტომ, ისინი უპირატესობას ხალხისთვის მისაღებ, ბუნებრივ სახეს მიანიჭებენ, რადგან ის საზოგადოების კეთილგანწყობას მარტივად დაიმსახურებს.
როგორც ცნობილია, Promobot-ს საკუთარი კანდიდატურა უკვე 20 000-ზე მეტმა ადამიანმა შესთავაზა, ამიტომ განაცხადების მიღება ნაადრევად შეჩერდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება 25 წელს გადაცილებულ, ნებისმიერი სქესის პირს შეეძლო.
შერჩეული ინდივიდის მსგავსი შესახედაობის მქონე რობოტები ფუნქციონირებას 2023 წლიდან დაიწყებენ. მანამდე სპეციალისტები მისი სახის სამგანზომილებიან მოდელს შექმნიან. ასევე, დაახლოებით 100-საათიან აუდიო ჩანაწერს დაამუშავებენ, რომელშიც აპლიკანტის მეტყველების თავისებურება იქნება წარმოდგენილი. ბოლოს კი ის სალიცენზიო დოკუმენტს მოაწერს ხელს, რომლითაც კომპანიას მისი გარეგნობისა და ხმის გამოყენების უფლებას სამუდამოდ გადასცემს.
კომენტარები