ახალი კვლევის მიხედვით, კატებს თქვენი ადგილმდებარეობის თვალთვალი შეუძლიათ
ოდესმე დაინტერესებულხართ, რაზე ფიქრობს თქვენი შინაური ცხოველი, როდესაც ოთახს ტოვებთ? კვლევას თუ დავუჯერებთ, არსებობს შანსი, რომ იგი მენტალური ენერგიის სულ ნაწილს მაინც იყენებდეს თქვენი ადგილმდებარეობისათვის თვალყურის სადევნებლად.
ცნობიერების გარკვეულ დონეზე, თქვენი კატა თქვენს სივრცულ მდებარეობას გონებრივად ასახავს, რისთვისაც გარემოში არსებულ ხმოვან მინიშნებებს, მათ შორის თქვენს ხმას იყენებს. კვლევა ჟურნალ PLOS One-შია გამოქვეყნებული.
სხვათა ადგილმდებარეობის შესახებ ამგვარი წვდომა ე.წ. სოციო-სივრცობრივი აღქმის ფორმაა, რომელშიც ცხოველები ჯგუფის სხვა წევრთა ნავარაუდევ ადგილმდებარეობებს აკონტროლებენ, თუნდაც ისინი ვიზუალურად ხილვადი არ იყოს. მიუხედავად ამისა, ბოლომდე გარკვეული მაინც არაა, თუ რამდენად განვითარებულია კატებში ამგვარი შესაძლებლობა.
ფენომენის შესასწავლად იაპონელმა მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი შემოგვთავაზეს.
ტესტირებებში უამრავმა შინაურმა კატამ მიიღო მონაწილეობა. კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევრები კატას მისთვის ნაცნობ ოთახში ტოვებდნენ, სადაც უსადენო ბლუთუზ დინამიკს ათავსებდნენ, სხვა დინამიკი კი ოთახის გარეთ გახლდათ მოთავსებული.
შემდეგ კატების სოციო-სივრცობრივი შესაძლებლობების შესასწავლად ხმისა და ადგილმდებარეობის ტესტების რამდენიმე კომბინაცია ჩაატარეს. აქედან ყველაზე მრავლისმეტყველი ერთ-ერთი დინამიკიდან კატის პატრონის ხმის ჩანაწერი გახლდათ, სანამ იგი სხვა დინამიკიდან გაისმებოდა რამდენიმე წამის შემდეგ.
"შედეგების მიხედვით, კატებს გაუკვირდათ, როდესაც შენიშნეს, რომ მათი მფლობელი ახალ, მოულოდნელ ადგილას "ტელეპორტირდა", — წერენ მეცნიერები ნაშრომში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ცხოველებს იმავენაირი რეაქცია არ ჰქონიათ, როცა დინამიკებიდან მათთვის ნაცნობ კატის ან ელექტრონულ ხმებს ასმენინებდნენ.
"შედეგების მიხედვით, კატები არდანახული პატრონის გონებრივ გამოსახულებას ინარჩუნებენ და მეგობრის ადგილმდებარეობას მისივე ხმით ადგენენ, რაც სოციო-სივრცობრივ აღქმაზე მიანიშნებს".
მკვლევრებზე დაყრდნობით, ტესტებიდან ზუსტად არაა ცნობილი, კატები თავიანთ პატრონთა მოულოდნელ ადგილას ყოფნამ გააოცა თუ მოსალოდნელ ადგილას მათმა ხილულმა არყოფნამ, თუმცა ამის გარკვევაში შესაძლოა, "შეუძლებელი ტელეპორტაციის" სამომავლო ექსპერიმენტები დაგვეხმაროს.
"გარე სამყაროს გონებრივი ასახვა და გამოსახულებათა მოქნილი მართვა კომპლექსური აზროვნების მნიშვნელოვანი თავისებურებაა და აღქმის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს", — ამბობენ ისინი.
კომენტარები