ილონ მასკი ტვიტერის მომხმარებლებს ეკითხება, გაყიდოს თუ არა Tesla-ს აქციების 10%
ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლის Tesla თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა 6 ნოემბერს ტვიტერზე 24-საათიანი გამოკითხვა წამოიწყო. ის გამომწერებს სთხოვს, საკუთარი აზრი დააფიქსირონ მის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც კომპანიის აქციების 10 პროცენტის გაყიდვას გულისხმობს.
სამხრეთაფრიკული წარმოშობის ბიზნესმენის მსგავსი ნაბიჯი მის და სხვა მილიარდერების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას უკავშირდება, რომელიც გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში მდგომარეობს.
"ბოლო დროს ბევრი ითქვა არარეალიზებულ შემოსავალზე გადასახადების გადახდისგან თავის არიდების ჭრილში, ამიტომ Tesla-ს აქციების 10 პროცენტის გაყიდვას გთავაზობთ. ამ გამოკითხვის შედეგის მიხედვით ვიმოქმედებ, როგორიც არ უნდა იყოს ის", — წერს მასკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
"გაითვალისწინეთ, რომ ფულად ანაზღაურებას ან ბონუსს არავისგან ვიღებ. მე მხოლოდ ეს წილები გამაჩნია. შესაბამისად, პირადად ჩემთვის გადასახადების გადახდის ერთადერთი გზა სწორედ მათი გაყიდვაა", — აცხადებს ის.
ასევე, იხილეთ: ილონ მასკი მზადაა, მსოფლიოში შიმშილის დასასრულებლად 6 მილიარდი დოლარი გაიღოს
მასკი, სხვა მილიარდერებთან ერთად, კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც პანდემიის დროს მისი შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებულად იმის ფონზე, რომ დანარჩენი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უჩივის. ამის მიუხედავად, ეს მოგება მის პირად ანგარიშზე არაა ხელმისაწვდომი, არამედ აქციების სახითაა წარმოდგენილი. ბიზნესმენს ამჟამად Tesla-ს 22.4 პროცენტი ეკუთვნის, რის შედეგადაც მისი კაპიტალი 338 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს ილონ მასკს მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად აქცევს, რომლის შემდეგაც მეორე ადგილს ჯეფ ბეზოსი იკავებს.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის კაპიტალი 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც თავად კომპანიის წარმატებითაა განპირობებული. თუმცა, მას ამ დრომდე იქიდან მიღებული სახელფასო მინიმუმიც კი არ გაუნაღდებია.
მასკის მიერ წამოწყებულ გამოკითხვაში ტვიტერის მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი აქციების გაყიდვას უჭერს მხარს. საბოლოო შედეგს 8 საათში ვიხილავთ.
კომენტარები