დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-ის სამკურნალო აბების გამოყენება დაუშვა
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) ქვეყანაში სიმპტომური COVID-19-ის სამკურნალოდ აბების გამოყენება დაუშვა. ანტივირუსული პრეპარატი მოლნუპირავირის სახელითაა ცნობილი და მას გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები პაციენტები დღეში 2-ჯერ, ორალური გზით მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ის COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი მსგავსი აბია, რომელმაც სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან გამოყენების ნებართვა მიიღო. მოლნუპირავირი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Merck, Sharp and Dohme (MSD) და Ridgeback Biotherapeutics შექმნეს. მისი პირველადი დანიშნულება მაღალი ტემპერატურის დაწევაა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევაშიც ეფექტიანია და მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.
"ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა. მთელ მსოფლიოში პირველებმა დავამტკიცეთ ანტივირუსული აბები, რომელთა მიღებაც COVID-19-ის სამკურნალოდ სახლშიცაა შესაძლებელი", — განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა.
პრეპარატი ებრძვის ფერმენტებს, რომლებიც ვირუსს გამრავლებაში ეხმარებიან. შედეგად, ორგანიზმში პათოგენების რაოდენობა მცირდება და დაავადების მიმდინარეობაც მსუბუქდება. კომპანიები ვარაუდობენ, რომ მათი მედიკამენტი ზუსტად ასე შეუტევს იმ შტამებსაც, რომელთა გაჩენაც მომავალშია მოსალოდნელი.
მედიის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა მკურნალობის 480 000 კურსისთვის სამყოფი მოლნუპირავირი შეიძინა, რომელიც მას 2021 წლის ბოლოს გადაეცემა. ამის გარდა, სახელმწიფომ კომპანია Pfizer-სგან იმავენაირი ექსპერიმენტული მედიკამენტიც იყიდა (250 000 კურსისთვის), რომელიც ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია. მათი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
მოლნუპირავირის კლინიკურ ცდებში 775 ადამიანი ჩაერთო, რომელთაც ინფექცია ახალი დადასტურებული ჰქონდათ. კვლევამ აჩვენა, რომ საავადმყოფოში გადაყვანა ამ პაციენტების მხოლოდ 7.3 პროცენტს დასჭირდა. კონტროლ ჯგუფის შემთხვევაში, ეს მონაცემი ბევრად მეტი, 14.1 პროცენტი იყო. ასევე, პირველ კატეგორიაში მსხვერპლი არ დაფიქსირებულა, მეორეში კი 8 პირი გარდაიცვალა.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მოლნუპირავირი COVID-19-ის სიმპტომების გაჩენიდან მალევე უნდა მივიღოთ, რათა მან სათანადოდ იმოქმედოს. მათი კვლევის შედეგები მალე გამოქვეყნდება.
კომენტარები