მოუსმინეთ: ლემურები რიტმულად "მღერიან" — კვლევის შედეგები
გამოცემაში Current Biology გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, კუნძულ მადაგასკარზე მობინადრე ინდრის სახეობის ლემურები იმ გამორჩეული ცხოველების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებსაც რიტმის შეგრძნება აქვთ.
იტალიაში მდებარე ტურინის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ამ პრიმატების უკეთ შესწავლა გადაწყვიტეს, რადგან მათ "სიმღერა" შეუძლიათ. სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, რამდენადაა ინდრების მიერ გამოცემული ხმა რიტმული, ანუ ახასიათებთ თუ არა ვოკალიზაციისა და სიჩუმის თანაბარზომიერი გადანაწილება.
12-წლიანი კვლევის შემდეგ, მათ 39 ზრდასრული ლემურის "სიმღერის" 636 ჩანაწერი მოიპოვეს, მათი გააანალიზების შედეგად კი აღმოაჩინეს, რომ ისინი 2 რიტმულ მოდელს იზიარებენ. ერთ-ერთი გახლავთ იზოქრონი, როცა ბგერებს შორის ინტერვალები დროში ერთნაირადაა დაცილებული, ხოლო მეორის თანაფარდობა 1:2-ზეა — პირველი ინტერვალი სიგრძით მეორეს 2-ჯერ ჩამოუვარდება.
მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ მამრი ინდრები ერთ კონკრეტულ ბგერაზე უფრო დიდხანს იყვნენ შეჩერებულნი და შედარებით გრძელ ინტერვალებს იღებდნენ, ვიდრე მდედრები. ამგვარი ხმის გამოცემას დიდძალი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ შესვენებები მათ ხანგრძლივად "სიმღერაში" ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ეს ლემურები მადაგასკარის ტყის სიღრმეში, ხეებზე ცხოვრობენ, რაც მათზე დაკვირვებას ართულებს. აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ მეცნიერებმა ინდრების ვოკალიზაციის ჩაწერას წლები მოანდომეს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რაში იყენებენ ზემოხსენებული ცხოველები ამ უჩვეულო ნიჭს. მკვლევართა ვარაუდით, ასე ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ და ტერიტორიას იცავენ.
კომენტარები