ეგვიპტეში, სფინქსის ხეივანში, გიგანტური ვერძის ქანდაკებები იპოვეს
ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორში, კარნაკის ტაძრის სამხრეთ ნაწილში, ვერძის სამი გიგანტური ქანდაკება აღმოაჩინეს. სამიდან ერთ-ერთს თავზე დიდი კობრაც ჰქონდა.
კარნაკის ტაძარი დაახლოებით 4000 წლის წინ უნდა აეშენებინათ. მისი სახელი ამუნ-რას, ეგვიპტური მითოლოგიის მზის ღმერთს უკავშირდება და ის იმდროინდელ ეგვიპიტის დედაქალაქში, თებეში (ახლანდელი ლუქსორი) მდებარეობდა. ტაძრის კომპლექსი 100 ჰექტარს მოიცავს.
11 ოქტომბერს, ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრმა განაცხადა, რომ ეგვიპტელმა არქეოლოგებმა კარნაკის ტაძრის სამხრეთ ნაწილში იპოვეს სამი გიგანტური ვერძის ქანდაკება, რომლებიც პტოლემეების დინასტიის აშენებული უნდა იყოს. ფარაონთა ეს დინასტია ეგვიპტეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 305-დან 30 წლამდე მართავდა.
წარსულში ეს თავები სამი უფრო დიდი ქანდაკების ნაწილი იყო, რომლებსაც სფინქსის მსგავსი სხეული ჰქონდათ. ქანდაკებები გრძელ ხეივანს ქმნიდნენ, რომელიც კარნაკისა და ლუქსორის ტაძრებს შორის იყო მოთავსებული, მისი მანძილი 2.7 კილომეტრი უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა მუსტაფა ვაზირმა al-Monitor-თან ისაუბრა.
ამ გზას ხშირად "სფინქსების ხეივანს" ეძახიან. ერთ ზოლზე დაახლოებით 700 ქანდაკებაა განლაგებული. გზას კარნაკის ტაძრიდან ლუქსორის ტაზრამდე მივყავათ. გადარჩენილი სფინქსები ნექტანებ I-ის ხანით (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 380-362 წლები) თარიღდებოდა, თუმცა ახალი აღმოჩენით დგინდება, რომ ხეივანი ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 1550-1295 წლებშიც არსებობდა.
ეგვიპტოლოგები სწავლობენ ახლად აღმოჩენილ ვერძის თავებს, შემდეგ კი მათ ქანდაკებებზე დააბრუნებენ და აღადგენენ.
არქეოლოგებმა აქ კიდევ ერთი კობრას ქანდაკება იპოვეს, რომელიც მინისტრის თქმით, ვერძის თავებზე უნდა ყოფილიყო მოთავსებული, ამიტომ სარესტავრაციო ჯგუფი მის დაბრუნებასაც თავის ადგილას გეგმავს.
ქანდაკებების ასაკის დადგენის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ერთ-ერთი მათგანის კვლევა აჩვენებს, რომ ისინი შეიძლება ამენჰოტეპ III-ის პერიოდთან იყვნენ დაკავშირებული. ეს უკანასკნელი ეგვიპტეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1390-დან 1352-წლებამდე პერიოდში მართავდა.
კომენტარები