ფეისბუქი რებრენდინგსა და სახელის შეცვლას გეგმავს — რას ნიშნავს ეს
გავრცელებული ინფორმაციით, ფეისბუქი მომავალ კვირაში სახელის შეცვლას გეგმავს და ეს "მეტავერსის" შექმნასთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამაზე მარკ ცუკერბერგი 28 ოქტომბერს, კომპანიის ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრებს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ტექნოლოგიურ გიგანტს ბევრად მეტი სურს, ვიდრე ეს მხოლოდ სოციალურ ქსელებთან ასოცირებაა.
ასევე: რა არის მეტავერსი — "ინტერნეტის მომავლის" მოკლე მიმოხილვა
სავარაუდოა, რომ რებრენდინგი ფეისბუქის აპლიკაციასთან ერთად მის დაქვემდებარებულ სხვა კომპანიებსაც შეეხება, როგორებიცაა: Instagram, WhatsApp, Oculus და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუქს უკვე ჰყავს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც აწარმოებენ სამომხმარებლო ტექნიკას, როგორიცაა AR სათვალე. ცუკერბერგს მიაჩნია, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ისეთივე საყოველთაო იქნება, როგორც სმარტფონები. ივლისში ცუკერბერგმა The Verge-ს განუცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის და მისი გუნდი უფრო გლობალურ მასშტაბებზე გასვლას გეგმავენ და მხოლოდ სოციალური ქსელით დაკმაყოფილებას აღარ აპირებენ
ფეისბუქი არ იქნება პირველი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ამბიციების ზრდასთან ერთად სახელს შეიცვლის. 2015 წელს Google-მა მთლიანად მოახდინა რეორგანიზაცია და Alphabet-ის შემადგენლობაში შევიდა, ნაწილობრივ იმის ნიშნად, რომ Google აღარ იყო მხოლოდ საძიებო სისტემა, არამედ უფრო ფართო კონგლომერატის ნაწილად იქცა, რომლიც მრავალფეროვან პროდუქტს აწარმოებს. დღეს Alphabet-ის შემადგენლობაში შედის Google, Sidewalk Labs (რომელიც ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიებზეა კონცენტრირებული), DeepMind (ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანია), Google Fiber და Verily (სამეცნიერო ორგანიზაცია).
როგორც The Verge იტყობინება ის თუ რა იქნება ფეისბუქის ახალი სახელი სრულად გასაიდუმლოებულია და მასზე ინფორმაცია მაღალ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლებმაც არ აქვთ. თუმცა, მაინც არსებობს ვარაუდები და ერთ-ერთი ასეთი Horizon-ია. ეს სახელი ფეისბუქის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ VR ვერსიიდან მოდის.
ამასთან, ცუკერბერგის ბოლო კომენტარების გარდა, ფეისბუქი აქტიურად ცდილობს მომავლის ტექნოლოგიებთან თავის დაკავშირებას. გასულ ზაფხულს მან შექმნა სპეციალური მეტავერსის გუნდი. სულ ცოტა ხნის წინ, მარკმა გამოაცხადა, რომ AR და VR ხელმძღვანელი, ენდრიუ ბოსვორთი, დაწინაურდება ტექნოლოგიის მთავარ ოფიცრად.
"მეტავერსი" ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ვირტუალური რეალობა. მეტავერსში შესასვლელად მხოლოდ VR სათვალე/ჩაფხუტი დაგჭირდებათ, შესულს კი ერთ სივრცეში დაგხვდებათ ერთმანეთთან დაკავშირებული ყველა ციფრული გარემო. სწორედ ეს არის ცუკერბერგისთვის შემდეგი დიდი ნაბიჯი და ის ამას მედიასთან არც მალავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები