ავსტრალია მთვარეზე პირველი კოსმოსური აპარატის გაშვებას გეგმავს
ავსტრალია აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) პროგრამა "არტემისის" ფარგლებში დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე მთვარემავლის გაშვებას გეგმავს, რომელიც იქ 2026 წელს დაეშვება. ქვეყანამ, რომლისთვისაც ეს პირველი მსგავსი მისიაა, როვერის შესაქმნელად 50 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
ავსტრალიის კოსმოსური სააგენტოს ინიციატივის "Moon to Mars" ფონდიდან გაცემული თანხა სახელმწიფოს წამყვანი მეცნიერებისა და ინჟინრების მიერ ნახევრად ავტონომიური როვერის აგებას მოხმარდება. ეს უკანასკნელი მთვარის ზედაპირზე არსებული გრუნტის ნიმუშებს მოიპოვებს იმის გასაგებად, შეიცავს თუ არა ის ოქსიდებს. ასევე, NASA მას ციური სხეულიდან აღებული მატერიის ჟანგბადად გარდასაქმნელად გამოიყენებს, რასაც სპეციალური ხელსაწყოები უზრუნველყოფენ.
ეს მთვარეზე გაგზავნილი ადამიანებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და მარსის ბაზებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უკეთ მოწყობაშიც დაგვეხმარება.
ავსტრალიის პრემიერ მინისტრის, სკოტ მორისონის თქმით, აღნიშნული მისია ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო უკან წასულ ეკონომიკას შეეშველება და მოქალაქეებს ახალ სამუშაო ადგილებს მისცემს.
"ავსტრალიისთვის ეს უდიდესი შესაძლებლობაა, რომ კოსმოსის გლობალურ ინდუსტრიაში წარმატებას მიაღწიოს. ხელისუფლების უმთავრესი მიზანია, ამ სექტორის მზარდი ეკონომიკიდან უფრო მეტი სარგებელი მიიღოს და ადამიანები დაასაქმოს", — აცხადებს პოლიტიკოსი.
2030 წლისთვის სახელმწიფო კოსმოსის სექტორის 3-ჯერ გაზრდას გეგმავს, რის შედეგადაც 12 მილიარდ აშშ დოლარ სარგებელს მიიღებს და მოსახლეობას 20 000 ახალ სამუშაო ადგილს შესთავაზებს.
ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ ამით ადგილობრივ ახალგაზრდებს მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა თუ მათემატიკით დააინტერესებენ და შთააგონებენ, რათა კარიერა სწორედ ამ მიმართულებებით აიწყონ.
კომენტარები