მასაჩუსეტსში საერთო სხეულის მქონე ორი კუ გამოიჩეკა — რასთან გვაქვს საქმე
მასაჩუსეტსის ველური ბუნების ცენტრში შეერთებული კუები გამოიჩეკნენ, რომელთაც ორი თავი და ერთადერთი სხეული გააჩნიათ. ანომალიის მიუხედავად, დედმამიშვილები თავს კარგად გრძნობენ.
პატარა კუები, ზურგზე რომბისებრი ორნამენტის მქონე ტერაპინები, ძალიან მკვირცხლები და აქტიურები არიან. ამის შესახებ ცენტრის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ.
"იშვიათი პათოლოგიის მქონე ცხოველები ყოველთვის დიდხანს ვერ ცოცხლობენ ანაც ცხოვრების დაბალი ხარისხი აქვთ, თუმცა ეს ორი კუ ოპტიმისტური პროგნოზის მიზეზს გვაძლევს".
გენეტიკურმა ან გარემო პირობებმა, რომლებიც განვითარებაში მყოფ ემბრიონებზე ახდენს გავლენას, შესაძლოა ბიცეფალია, ანუ ორი თავის ქონა გამოიწვიოს. ბიცეფალიის მქონე ცხოველებს ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით, რადგან მათი დიდი ნაწილი ვერ ცოცხლობს.
მასაჩუსეტსის გარდა, ამგვარი არსებები სხვაგანაც უნახავთ: ვირჯინიაში აღმოჩენილი ორთავა გველგესლა, მინესოტაში ნაპოვნი მკვდარი ორთავა ირემი და ჩრდილოეთის ზღვიდან ამოყვანილი ზღვის ორთავა ღორი.
პატარა კუები დაცულ საბუდარში გამოიჩეკნენ ბარნსტეიბლში, მასაჩუსეტსში. ველური ბუნების ცენტრი მათ უკვე ორი კვირაზე მეტია, უვლის, კუები კი თავს კვლავაც მხნედ და აქტიურად გრძნობენ, როგორც ფეისბუქპოსტი იუწყება.
იმის გასარკვევად, თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი, მკვლევრებმა რენტგენის სხივები გამოიყენეს. როგორც ჩანს, მათ ორი ხერხემალი აქვთ, რომლებიც თანდათან ერთმანეთში გადადის, თითოეული თავი კი სამ ფეხს აკონტროლებს.
გამოჩეკვიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, კუები საერთო ყვითრის პარკიდან იღებდნენ საკვებს. მეცნიერებმა მათ თეთრი ფხვნილი აჭამეს, რომლის ხილვაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენულ გამოსახულებაშია შესაძლებელი და აღმოაჩინეს, რომ თითოეულ კუს საკუთარი ტრაქტი გააჩნია. მართალია, ერთ-ერთი მათგანი მეორისაზე განვითარებული ჩანს, თუმცა კვება და საჭმლის მონელება ორივეს შეუძლია.
წყალში ცურვის ტესტმა აჩვენა, რომ დედმამიშვილები წყლის ზედაპირისკენ კოორდინირებულად მიცურავენ, რათა ისუნთქონ. ისინი იკვებებიან, ცურავენ და წონაში იმატებენ.
"მათ თავებში შეძრომა შეუძლებელია, თუმცა, როგორც ჩანს, გარემოში გეზის ასაღებად შეთანხმებულად მოქმედებენ", — გვეუბნება პოსტი.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ როდესაც კუები ცოტათი წამოიზრდებიან, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჩაუტარებენ, რათა მათი საერთო შინაგანი ორგანოებისა და სტრუქტურების შესახებ მეტი შეიტყონ.
"მათზე კიდევ ძალიან ბევრი რამაა გასაგები", — ნათქვამია პოსტში.
კომენტარები