Apple-ის მომდევნო ღონისძიება 18 ოქტომბერს გაიმართება. ყველა ველოდით, რომ Apple გარდა აიფონებისა, სულ მალე სხვა ახალ ტექნიკასაც გვანახებდა. შემოდგომის მეორე მთავარ ღონისძიებაზე ტექნოლოგიური გიგანტი ახალ MacBook-ებს, დიზაინშეცვლილ, უფრო ძლიერ Mac Mini-სა და სავარაუდოდ, მესამე თაობის AirPods-ებს წარადგენს.

Apple-ის მიერ გავრცელებულ ღონისძიების ვიდეოანონსში მხოლოდ ერთი სიტყვა ისმის — Unleashed. Apple-ის ღონისძიების ნახვას Apple.com-ზე ან კომპანიის YouTube არხზე შეძლებთ. ლაივი 18-ში, ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.

უკვე თვეებია ისმის, რომ Apple 14 და 16 ინჩიან MacBook Pro-ებს გამოუშვებს. ამ მაკბუქების გამოშვებით Apple საბოლოოდ ჩაანაცვლებს Intel-ის პროცესორებს და ყველა მაკი Apple-ის მიერ დამზადებულ პროცესორზე გამოვა. ახალ ჩიპსეტს M1X ერქმევა. Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის თქმით, M1X-ს ათ ბირთვიანი პროცესორი ექნება, შედარებისთვის გაგახსენებთ, რომ M1-ს 8 ბირთვი ჰქონდა. გაძლიერდება გრაფიკული პროცესორიც და ის 16 ან 32 ბირთვიანი იქნება, M1-ს ის 7 ან 8 ბირთვიანი ჰქონდა.

გავრცელებული ჭორების მიხედვით, M1X პროცესორს მიიღებს ახალი Mac Mini-ც. ახალ მოწყობილობას ორი Thunderbolt USB 4 Type-C და ორი USB Type A პორტი ექნება. ცვლილებები Mac Mini-ს აქტიურ მომხმარებლებს ნამდვილად გამოადგებათ.

დაბოლოს, Apple-მა შესაძლოა სახეცვლილი AirPods-ები წარადგინოს. ეს ყურსასმენების მესამე თაობა იქნება. AirPods-ები, სავარაუდოდ, AirPods Pro-ს დიზაინს მიიღებს. მას შედარებით მოკლე ტანი და დიზაინშეცვლილი დამტენი ქეისი ექნება.