Tesla სილიკონ ველის ტოვებს — ახალი სათავო ოფისი ტეხასში იქნება
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ კომპანიის სათავო ოფისი, სილიკონ ველიდან აუსტინში, ტეხასში გადააქვთ, სადაც Tesla-ს ახალი ქარხანაცაა განთავსებული.
მასკმა თქვა, რომ კალიფორნიის, ფრემონტში მდებარე ქარხანა მუშაობას არ შეწყვეტს და მეტიც, ისინი შეეცდებიან წარმოება 50%-ით კიდევ გაზარდონ.
"რათა ყველაფერი ნათელი იყოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კალიფორნიაში მუშაობას არ შევწყვეტთ და გაფართოებას განვაგრძობთ. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ტესლა კალიფორნიას ტოვებს" — განაცხადა ილონ მასკმა მეწილეებთან შეხვედრისას.
ამ ნაბიჯით ტესლა ახალ შტატში დაიდებს ბინას და აღარ იქნება იქ, სადაც მათი მანქანები ყველაზე პოპულარულია.
მასკი ტეხასში საცხოვრებლად შარშან გადავიდა, რადგან SpaceX-ითან დაკავშირებული უმეტესი საქმიანობა სწორედ აქედან ხორციელდება. მასკმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის კალიფორნია "ზედმეტად თვითკმაყოფილ" ადგილად იქცა.
Tesla-მ მეგა ქარხნის, US Gigafactory-ს მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და მას შემდეგ ძალიან სწრაფი პროგრესი აქვთ, ქარხანა ერთ წელში უნდა დასრულდეს.
"ჩვენ შევქმნით ეკოლოგიურ სამოთხეს კოლორადოს მდინარეზე" — განაცხადა მასკმა
მასკის თქმით, ტესლა ტეხასის მასშტაბით ახალი სწრაფი დამტენების დამონტაჟებაზეც აქტიურად იზრუნებს.
კომენტარები