ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს ანჯელესში დაფუძნებული კომპანიის Beyond Meat მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო თვიდან აშშ-ის მაღაზიებში მათ მიერ შექმნილი მცენარეული "ქათმის" ჩხირები გაიყიდება. ეს პროდუქტი ფრინველის ნამდვილი ხორცის ვეგანური ანალოგია, რომელსაც რესტორნები მომხმარებლებს მიმდინარე წლის ზაფხულიდან სთავაზობენ, ახლა კი მათ დაგემოვნებას მსურველები სახლშიც შეძლებენ.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ საფირმო საკვებში 50 პროცენტით ნაკლები ცხიმია, ვიდრე ჩვეულებრივი ხორცისგან დამზადებულში. ასევე, ის არ შეიცავს ქოლესტერინს, ჰორმონებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

ქათმის ხორცის სტრუქტურისა და გემოს მქონე ჩხირები არა სოიოს, არამედ პარკოსანი მცენარის, ცერცვის მარცვლებისგან მზადდება და საფანელშია ამოვლებული. პროდუქტი შეფუთვაში თითქმის მზა სახითაა წარმოდგენილი და მხოლოდ გაცხელებას საჭიროებს, რისთვისაც 10 წუთი სრულიად საკმარისია.

ფოტო: Getty Images

როგორც ცნობილია, მცენარეული "ქათმის" ჩხირების შეძენის საშუალება მომხმარებლებს ოქტომბრიდან ჰიპერმარკეტებისა თუ სუპერმარკეტების სხვადასხვა ქსელში ექნებათ. მათ შორისაა უმსხვილესი სავაჭრო კორპორაცია Walmart, ასევე, Jewel-Osco, Safeway NorCal, Harris Teeter, Giant Foods და ShopRite.

მედიის ცნობით, ქათმის ხორცის შემცვლელის თითოეული შეკვრის ღირებულება დაახლოებით 5 აშშ დოლარი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია მომავალში უფრო მეტი პარტნიორის მოძიებას გეგმავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.