ოზონის ხვრელმა სიდიდით ანტარქტიდას გადაუსწრო — ეკოლოგიური ანტირეკორდი
ოზონის ხვრელი ასეთი დიდი არასოდეს ყოფილა.
კოპერნიკუსის ატმოსფეროს მონიტორინგის სერვისის მეცნიერებმა გვაუწყეს, რომ სამხრეთ პოლუსის თავზე, ოზონის შრეში არსებულმა ხვრელმა სიდიდით უკვე ანტარქტიდას გადაუსწრო. მკვლევრების თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხვრელი არსებითადაა გაზრდილი და ამჟამად, 1979 წლიდან მოყოლებული, ოზონის ხვრელთა 75 პროცენტზე დიდია.
"ხვრელი წინა წელთან შედარებით თითქმის იგივეა და სექტემბრის დასაწყისამდე დიდად განსაკუთრებულიც არ ყოფილა, შემდეგ კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ხანგრძლივ ოზონის ხვრელად გადაიქცა ჩვენს მონაცემებში", — განაცხადა კოპერნიკუსის დირექტორმა ვინსენტ-ანრი პეჩმა — "ჩვენი გამოთვლების მიხედვით, წელს ხვრელი ჩვეულებრივზე საკმაოდ დიდი ზომისა გახდა".
ოზონის შრეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს დედამიწის დაცვაში, როდესაც მზის ულტრაიისფერ გამოსხივებასთან გვაქვს საქმე. სხივებს შეუძლია, დედამიწაზე არსებული მოსავალი და ცხოველები დააზიანოს. შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით, გაზრდილი ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანებში კანის კიბოსა და კატარაქტასთანაცაა დაკავშირებული.
გამომდინარე იქიდან, რომ ჰაერში არსებული ქლორისა და ბრომის ატომები ოზონის მოლეკულებს ანადგურებს, წლების განმავლობაში შრე გამოილია. ყოველ წელს, როცა სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურა ანტარქტიკული გაზაფხულის ფარგლებში თბება, ატომები შრეს კიდევ უფრო აზიანებს და ოზონის ხვრელის ყოველწლიურ "გახსნას" იწვევს.
ხვრელი ასეთი დიდი არასოდეს ყოფილა, თუმცა, კოპერნიკუსის მეცნიერების აზრით, ოზონის შრე გარემოსდაცვითი რეგულაციების გამო აღდგენის პროცესშია — ასე მაგალითად, მონრეალის პროტოკოლი, რომლის ფარგლებშიც 1987 წელს ქლორისა და ბრომის ქიმიური პრეპარატების კონტროლი დაიწყო. თუმცა, CNN-თან მათი შეფასებით, შრე 2060-2070 წლებამდე სრულად მაინც არ აღდგება.
ასევე იხილეთ: მეცნიერების ძალა — კვლევის თანახმად, 1987 წელს დამაბინძურებელი ქიმიკატების აკრძალვამ პლანეტა იხსნა.
კომენტარები