ჰიუ ლორი ტვიტერზე ვაქცინაციის საკითხს ეხმაურება — "ექიმი ჰაუსის" მოსაზრება
ჰიუ ლორი, რომელმაც სახელი "ექიმი ჰაუსის" როლის შესრულებით გაითქვა, ტვიტერზე, როგორც ჩანს, ანტივაქსერულ მოძრაობას გამოეხმაურა.
"ვფიქრობ, ხალხისთვის დამოუკიდებლად ფიქრის მოწოდება ძალიან ამაღელვებლად ჟღერს, სანამ გამახსენდება, რომ თავად ვერასოდეს მომივიდოდა იმ იდეათა 99 პროცენტი, რომელსაც ყოველდღიურად ვეყრდნობი გადარჩენისთვის. უაღრესად მადლიერი ვარ იმ ხალხისა, ვინც ჩემ მაგივრად იფიქრა", — დაწერა ჰიუ ლორიმ.
მსახიობი დიდი ხანია, მეცნიერებისა და ვაქცინების მხარდამჭერია, თანაც არა მხოლოდ სერიალის ცნობილი სცენის გამო, სადაც იგი საკმაოდ უხეშად ცდილობს, პაციენტს ვაქცინაციის შესახებ აუხილოს თვალი.
ანტივაქსერული მოძრაობა საკმაოდ რთული პრობლემაა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ამჟამად იგი პირდაპირ უწყობს ხელს კორონავირუსის შემთხვევათა ზრდასა და უამრავი ადამიანის სიკვდილს, რასაც შესაძლოა ლორის ეს შეშფოთება გამოეწვია.
პრობლემა ამაზე მძაფრი არასოდეს ყოფილა. მას შემდეგ, რაც ვაქცინის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ზაფხულის განმავლობაში აცრათა მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მუშათა უმრავლესობისათვის ფედერალური ვაქცინის მანდატები დააწესა.
ზუსტად არ ვიცით, მისი უახლესი ტვიტით ლორი ანტივაქსერულ მოძრაობას უმიზნებს თუ არა, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი ნამდვილად ანტივაქსერებზე საუბრობდა.
მეტიც, დეკემბერში ლორიმ დრო გამონახა და გადაწყვიტა, ხმა მიეწვდინა სამედიცინო საზოგადოებისათვის, რომელიც კოვიდპანდემიის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში მუშაობდა.
"დარწმუნებული ვარ, უკვე უამრავმა ადამიანმა თქვა ეს — უბრალოდ არსად მინახავს — მაგრამ მადლობა ყველა მეცნიერს, მკვლევარს, ადმინისტრატორს, ტექნიკოსს, ლოგისტიკის სპეციალისტს, რათა ეს არაჩვეულებრივი ვაქცინა შექმნეს", — დაწერა მან ტვიტში.
როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები იტყობინებიან, არჩევის უფლების მქონე ამერიკელთა 62 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული.
კომენტარები