Xiaomi-მ MicroLED ეკრანის მქონე ჭკვიანი სათვალეების კონცეპტი გვანახა
Xiaomi-მ ჭკვიანი სათვალეები, Xiaomi Smart Glasses დააანონსა. კომპანიის წარმომადგენელმა The Verge-თან საუბარში განაცხადა, რომ ჯერ არ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც სათვალეების გაყიდვა რეალურად დაიწყება, თუმცა Xiaomi-მ იმდენი დეტალი გაგვაცნო, რომ პროდუქტზე აშკარად ბევრი აქვთ ნამუშევარი და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ კონცეპტმა მომავალ წლებში დღის სინათლეც იხილოს.
Xiaomi-ს სათვალეებს საკმაოდ უბრალო დიზაინი აქვს, მაგრამ განსხვავებით Facebook-ისა და Ray Ban-ის დაანონსებული Stories-სა, Xiaomi-ს სათვალეებს ეკრანი მართლა აქვს და მისი გამოყენება გაფართოებული რეალობისთვის შეიძლება. Xiaomi-ს თქმით, მათ ეკრანად შავ-თეთრი MicroLED ეკრანი აირჩიეს, რადგან მას საკმაოდ კარგი პიქსელების სიმჭიდროვე აქვს და გამძლეობითაც უკეთესია თუ მას OLED ეკრანებს შევადარებთ.
"MicroLED საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კომპაქტური და მარტივად დასამონტაჟებელი ეკრანები" — აცხადებს Xiaomi
MicroLED ეკრანები OLED-ების შთამომავლებად მოიაზრება, თუმცა მათი გამოყენება ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა სულ მალე მათ უფრო მეტ კომერციულ პროდუქტში ვიხილავთ.
Xiaomi-ს ეკრანი "ბრინჯის მარცვლის ხელაა" — მისი ზომები 2,4მმ x 2,02მმ გახლავთ და პიკური სიკაშკაშე 2 მილიონი ნიტია. ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ეკრანის სინათლემ თვალი არ შეაწუხოს. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, იმუშავებს კი ასეთი ეკრანი მზიან დღეებში — Xiaomi-მ ესეც გაითვალისწინა და სათვალეს ექსტრემალური სინათლის რეჟიმიც აქვს
სათვალე Android-ზე ავტონომიურად იმუშავებს და მას სმარტფონთან დაქონექთება არც დასჭირდება. Xiaomi-ს თქმით, შესაძლოა დადგეს დღე, როდესაც ასეთი სათვალეები გარკვეულწილად სმარტფონებსაც ჩაანაცვლებს. ჭკვიან სათვალეს ARM-ის მიერ დამზადებული ოთხბირთვიანი პროცესორი, Wi-Fi, Bluetooth, ელემენტი და 5 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. სათვალეების წონა სულ რაღაც 51 გრამს შეადგენს.
როგორც უკვე ვთქვით, სათვალეები გასაყიდად ჯერ არ გამოჩნდება, თუმცა რადგან ბაზარზე ჭკვიანი სათვალეები უკვე ვიხილეთ და თან ის ისეთმა გიგანტმა შექმნა, როგორიც Facebook-ია, მაშინ სულაც არ იქნება გასაკვირი თუ ასეთ პროდუქტს Xiaomi-ც წარადგენს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები