ნანატრი მომენტი — ჯეიმს ვების ტელესკოპს კოსმოსში დეკემბერში გაუშვებენ
ჯეიმს ვების ტელესკოპის კოსმოსში გაშვების ოფიციალური თარიღი უკვე ცნობილია. ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას სამყაროს შესასწავლად მიმდინარე წლის 18 დეკემბერს გაგზავნიან.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტს დიდი ხანი ველოდით. სპეციალისტებმა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყეს. NASA-ს, ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის ფარგლებში მის გაშვებას თავდაპირველად 2007 წელს აპირებდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსამზადებელი პერიოდი ამ დრომდე გაიწელა.
უნდა ითქვას, რომ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან საქმე 20 მეტრი სიგრძის მქონე კომპლექსურ ასტრონომიულ ხელსაწყოსთან გვაქვს, რომელიც უამრავ კომპონენტს აერთიანებს. მათგან ყველა კი მწყობრში უნდა იყოს, რათა ფუნქციონირებისას რაიმე სახის გაუთვალისწინებელი ხარვეზი არ წარმოიქმნას.
"ეს მისია შეუპოვრობის მაგალითია. აღფრთოვანებული ვარ ჩვენი გუნდისა და საერთაშორისო პარტნიორების დაუღალავი შრომით, რომლის წყალობითაც ეს ყველაფერი რეალობად იქცა. ერთობლივი ძალებით, ჩვენ მრავალი ტექნიკური დაბრკოლება და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები გადავლახეთ", — განაცხადა პროგრამის დირექტორმა, გრეგორი რობინსონმა.
ტელესკოპის ხანგრძლივი ტესტირების პროცესი, რომელიც ამერიკული კომპანიის Northrop Grumman კუთვნილ დაწესებულებებში მიმდინარეობდა, ახლახან დასრულდა. ცდების მიზანი იმაში დარწმუნება იყო, რომ ის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გამართულად იფუნქციონირებს და დაკისრებულ მოვალეობას ხარვეზების გარეშე შეასრულებს. ამჟამად, მეცნიერთა მთავარი ამოცანა მისი უსაფრთხო ტრანსპორტირებაა. ობსერვატორიას პანამის არხის გავლით საფრანგეთის გვიანას ქალაქ კურუში ჩაიტანენ. სწორედ იქ მდებარეობს კოსმოდრომი, საიდანაც მას გაგზავნიან.
ტელესკოპს კოსმოსში ESA-ს რაკეტა Ariane 5 გაიყვანს, რომელსაც 2020 წლის აგვისტოში შექმნილი პრობლემების გამო, ამ წლის ივლისამდე არ უფრენია. ამ უკანასკნელზე მიმაგრებამდე, შეამოწმებენ, მგზავრობისას რომელიმე ნაწილი ხომ არ დაზიანდა, ავზებს საწვავით აავსებენ, სხვადასხვა ინსტრუმენტს სპეციალურ საფარს მოხსნიან და ა.შ. ხელსაწყო აპარატს აფრენიდან 26 წუთში ჩამოშორდება და დამოუკიდებლად განაგრძობს სვლას. ამის შემდეგ, მისი მზის პანელი, სარკეები და გამოსხივებისგან დამცავი ფარი ავტომატურად გაიშლება, მომდევნო 6 თვე კი კვლევით რეჟიმში გადასვლას დაეთმობა.
გაშვებიდან 1 თვეში ტელესკოპი დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს, რომელიც დედამიწისგან 1.5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და საკუთარ ორბიტაზე განლაგდება. იქიდან ის ჩვენს მზის სისტემას, ასევე, შორეულ კოსმოსში არსებულ ვარსკვლავებს, გალაქტიკებსა თუ სხვა სტრუქტურებს დააკვირდება და სამყაროს შესახებ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.
კომენტარები