სინგაპურის ქუჩებში პატრული რობოტები გამოჩნდნენ
სინგაპური ცნობილია მკაცრი კანონებითა და ამ კანონების კონტროლის ყველანაირი გზების გამოყენებით. ქუჩები სავსეა სათვალთვალო კამერებით. ახლა კი სინგაპურის ქუჩებში შესაძლოა რობოტებიც გამოჩნდნენ.
სინგაპურმა Xavier-ის ტესტირება დაიწყო. ასე ჰქვია რობოტს, რომელიც ქალაქის ქუჩებს გააკონტროლებს. სინგაპური Xavier-ის რამდენიმე პროტოტიპს აკვირდება. მომდევნო სამი თვის განმავლობაში რობოტი Toa Payoh-ზე მოძრავ ადამიანებს დააკვირდება და როგორც ძალოვანები აღნიშნავენ "გამოავლენს ადამიანებს არასასურველი სოციალური ქცევით". ეს ცუდი ქცევა შესაძლოა იყოს 5 ადამიანის შეკრება, რაც COVID-19-ის წინააღმდეგ მოფიქრებულ უსაფრთხოების წესებს ეწინააღმდეგება.
Xavier დააკვირდება მწეველებს ნებისმიერ ადგილას და დაადგენს მოიხმარს თუ არა პირი თამბაქოს დასაშვებ ზონაში. ასევე, რობოტს შეუძლია აღმოაჩინოს არასწორად დაპარკინგებული ველოსიპედები, მოპედები და მოტოციკლები, ამით ის ტროტუარებზე, ქვეითთა სამოძრაო გზის გასუფთავებაში დაეხმარება პოლიციას.
რობოტი აღჭურვილია 360 გრადუსიანი ხედვის კამერებით, რომლებსაც ასევე აქვთ დაბალი განათების კამერები, ღამის რეჟიმში სამუშაოდ. ასევე, ვიდეოჩანაწერებს ხელოვნური ინტელექტი გაანალიზებს და თუ რაიმე მნიშვნელოვანს აღმოაჩენს, პოლიციას შეატყობინებს. რობოტს უამრავი სენსორი აქვს, რომელიც ქუჩაში გადაადგილებაში ეხმარება. ის ამჩნევს ავტომობილებსაც და გამვლელ ადაიანებსაც.
სინგაპურს სურს, რომ მომდევნო 10 წელიწადში სათვალთვალო კამერების რაოდენობა გააორმაგოს და მათი რიცხვი 200 000-მდე გაზარდოს, ამასთანავე, ძალოვნები თვლიან, რომ რობოტების გამოჩენა ქუჩაში პატრულირების აუცილებლობას შეამცირებს და პოლიციის თანამშრომლებს ნაკლები ფიზიკური დატვირთვა ექნებათ.
კომენტარები