თბილისში მოლარეების გარეშე მომუშავე "ჭკვიანი მაღაზია" გაიხსნა — რა უნდა ვიცოდეთ
ჯერ კიდევ იანვარში გიყვებოდით "ჭკვიანი მაღაზია" NOKA-ს შესახებ, სადაც რიგი და მოლარე არასდროს დაგხვდებოდათ. რამდენიმე დღის წინ, ეს ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში, FINA-ს მიერ შეიქმნა, მასობრივი მოხმარების საგნად იქცა — ანუ გაიხსნა მაღაზია, რომელში მოხვედრის შემთხვევაშიც პროდუქტების ყიდვის ახლებური, მაღალტექნოლოგიური გამოცდილება გელოდებათ.
მაღაზია თბილისში, ვერაზე, მ. კოსტავას II შესახვევის N3-ში მდებარეობს და ქართულ ბაზარზე, მოლარისა და რიგების გარეშე ვაჭრობის პირველ შესაძლებლობას წარმოადგენს. ეს მიდგომა კი, მით უფრო, პანდემიისას, სოციალური დისტანცირების საჭიროების პირობებში, შესაძლოა არაერთი ჩვენგანისთვის იყოს უსაფრთხო და მოსახერხებელი.
ბევრ ჩვენგანს, მოლარისა და რიგების გარეშე მაღაზიის წარმოდგენისას Amazon Go ახსენდება, თუმცა, Amazon-ის ამ პროდუქტისგან საქართველოში შექმნილ სისტემას ბევრი რამ განასხვავებს. როგორც ცნობილია, NOKA არ იყენებს ბიომეტრიულ და პროდუქტების გრაფიკული ამოცნობის სისტემას, რაც აღნიშნული ტექნოლოგიის ფასს მკვეთრად ამცირებს. ასევე, მას არ სჭირდება მძლავრი ინფრასტრუქტურა შესანახად.
ტექნოლოგია, რომლითაც NOKA-ს სისტემა ფუნქციონირებს, არ იყენებს ვიდეო კამერებს და ეყრდნობა რამდენიმე სახეობის სენსორს. მაგალითად, როგორიცაა წონის სენსორი, რომელიც მომხმარებლის მიერ აღებული პროდუქტის რაოდენობის განსაზღვრაში ეხმარება სისტემას, ჭკვიანი ბარიერის დახმარებით კი ანგარიშსწორებას მაღაზიიდან გასვლისას შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშსწორება ბარათის, ან Apple Pay-ს გამოყენებით შეგიძლიათ.
"2 წელია, რაც FINA-ს გუნდი NOKA ტექნოლოგიაზე ვმუშაობთ, პროცესი ძალიან საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ ეს არის მომავლის ტექნოლოგია, რომელიც ყიდვის პროცესს ბევრად უფრო მოქნილს, სწრაფს და ავტომატიზებულს გახდის. სატესტო მაღაზიის მომხმარებლებისთვის გახსნა ჩვენთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მუშაობის პროცესში დავაკვირდებით მომხმარებლის ქცევას, გაიტესტება სისტემის მდგრადობა და შემდეგ უკვე სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენლებს შევთავაზებთ აღნიშნულ ინოვაციურ ტექნოლოგიას", — აცხადებს კომპანია FINA-ს დამფუძნებელი, დავით თოფჩიშვილი.
ამ ეტაპზე, NOKA ტექნოლოგიით პირველი მაღაზია გაიხსნა და მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში მსგავს "ჭკვიან მაღაზიებს" სხვადასხვა ბრენდის მარკეტებიც დანერგავენ საქართველოსა და შემდგომ უკვე მსოფლიო მასშტაბით.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები