ამჯერად რა თქვა ღარიბაშვილმა
დღეს, პირველ სექტემბერს, ქვეყნის პრემიერმინისტრმა გვითხრა, რომ ევროპარლამენტარი მისი უფროსი "არ არი". როგორც ღარიბაშვილი ირწმუნება, მათი უფროსი ქართველი ხალხია და მედიასთან საუბრისას რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ მას მიმართავს. მიმართვა კი მოიცავდა დარწმუნებას, რომ ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარება იყო მხოლოდ სესხი და არა დახმარება.
"ჩვენს მოსახლეობას რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, მთავრობამ სესხი აიღო, სესხი, ხაზს ვუსვამ", — თქვა მან, თუმცა არ უხსენებია, რომ საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ჰქვია "მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის 150 მილიონ ევრომდე", ხოლო ევროკავშირი მოხსენიებულია, როგორც სესხის გამცემი.
მართალია, სესხი ხაზგასმით რამდენჯერმე ახსენა, თუმცა ერთხელ ისიც გვითხრა, რომ საქართველოს ეროკავშირისგან ძალიან ბევრი დახმარება მიუღია და ამისთვის მადლიერები არიან.
ის ასე გამოუხმაურა კრიტიკას ევროკავშირის 75-მილიონიან დახმარებაზე უარის თქმის გამო და განმარტა, რომ 150-მილიონიანი დახმარების ნაწილი შარშან ჩაირიცხა, მეორე ნაწილი კი სასამართლო რეფორმაზე იყო მიბმული.
ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს ჰკითხეს, მისი აზრით, როცა ევროპარლამენტარები ამას უწოდებენ დახმარებას და არა სესხს, იტყუებიან?
"ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი, ეს ერთი. მეორე, თუ მათ რეალურად აინტერესებთ საქმის ვითარებაში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებებები აკეთონ.
არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებით სესხის აღებაზე ვთქვით უარი, ამის გარდა, ამ 75 მილიონმა ევრომ ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და ბევრი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა, ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან" [სტილი დაცულია].
პრემიერმინისტრს ჰკითხეს ისიც, თუ ევროპარლამენტარებს არასწორი ინფორმაცია აქვთ, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მეგობრებთან ვერ მუშაობს?
"ვინ არის ჩვენი მეგობარი? 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა ევროკავშირის სახალხო პარტიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიოდნენ, ძალიან ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, შემდეგ ჩადიოდნენ ევროკავშირში და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ, მათ შორის, ქართული ოცნების თაობაზე, ყოფილი დამფუძნებლის, თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაობაზე და ა.შ. ეს ჩვენ კარგად გვახსოვს ყველას", — დასძინა მან.
ამის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP), "ნაცმოძრაობის დედა პარტია", სოლიდარულია სწორედ ყოფილი ხელისუფლების მიმართ და "არ აინტერესებთ უბრალოდ რეალურად რა ხდება, მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი თუ არა, არ ჩადიან საქმის ვითარებაში, რეალურ არსში არ ერკვევიან და აკეთებენ ასეთ სუბიექტურ, მიკერძოებულ განცხადებებს".
მან კვლავ გაიმეორა უკვე არაერთხელ ნათქვამი, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები EPP-ის მეშვეობით მუშაობდნენ, რათა საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მიეღო, ასევე, ის, რომ ფინანსური სანქციების დაწესებაზე ენმ მუშაობდა.
ღარიბაშვილმა არ დაიზარა და ევროპარლამენტარებს, რომლებიც "მისი უფროსები არ არიან" და "დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით", შეახსენა, "როგორი სასამართლო ჩაიაბარა ქართულმა ოცნებამ". მისი თქმით, ამის შემდეგ ხელისუფლებამ არაერთი რეფორმა გაატარა და სისტემა "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული" გახდა.
მეტიც, პრემიერმინისტრმა "ყველას შეახსენა", რომ "საქართველოს სასამართლო სისტემა და დღეს არსებული სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახემწიფოების სასამართლო სისტემას". ღარიბაშვილის მტკიცებით, ეს ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის, ევროკავშირის გამოკითხვებით, თუმცა მას კონკრეტული წყარო არ დაუსახელებია.
ღარიბაშვილი დაგვპირდა, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ "კარგად" ახსნა მიზეზი, რატომაც თქვა უარი ევროკავშირისგან დახმარების არმიღებაზე — ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. თუმცა პრემიერმინისტრს კვლავ დაავიწყდა ეთქვა, რომ როცა ქართული ოცნება "ეკონომიკის დუღილზე" საუბრობს, პანდემიასა და ჩაკეტილ ეკონომიკასთან შედარებით ზრდაზე აპელირებს და არა 2019 წელთან, რაც უფრო რეალურ შედეგს იძლევა.
მიუხედავად დასავლელი პარტნიორების კრიტიკისა და ღია მინიშნებისა, რომ საქართველომ დასავლური კურსიდან გადაუხვია, ღარიბაშვილი გვარწმუნებს, რომ ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია და ეს სწორედ ქართული ოცნების დამსახურებაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ ეს თავისი ნებით ჩაწერა კონსტიტუციაში. მეტიც, ღარიბაშვილს არ დავიწყებია შეეხსენებინა ასოცირების შეთანხმების დოკუმენტზე პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირების შედეგად მოპოვებული მისი ხელმოწერის შესახებაც.
"აქედან გამომდინარე, ხალხო, რაზეა საუბარი საერთოდ", — დასძინა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მიმდინარე პროცესი ხომ არ შეგვიშლის ხელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებაში. პრემიერმინისტრი ამ კითხვას ასე პასუხობს:
"არავითარი. ეს არის პროცესი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია. არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, ეს პროცესი გრძელდება. ერთ დღეში არ აშენებულა რომი, რომ იტყვიან და ამას დრო სჭირდება. ამ 8 წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ".
კომენტარის ბოლოს ღარიბაშვილმა გვითხრა ისიც, რომ ქართული ოცნება უალტერნატივოა და ამ არჩევნებსაც მოიგებს, როგორც ყველა არჩევნებს.
კომენტარები