ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქია პირველადი საჭიროების დაკმაყოფილების აუცილებლობაზეა დაშენებული. მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ თვითგანვითარებაზე ვიფიქროთ, პირველ რიგში, ელემენტარული მოთხოვნილებები უნდა დავიკმაყოფილოთ. საუბარია საკვებსა და სასმელზე, დასუფთავებასა და პირად ჰიგიენაზე, მწეველთათვის თამბაქოზე, კოსმეტიკაზე და სხვ.

ფირმები, რომლებიც ამგვარი საქონლის რეალიზაციით არიან დაკავებულნი სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელთა სექტორს მიეკუთვნებიან. ისინი აწარმოებენ მომხმარებლებისთვის ყველაზე მეტად საჭირო ნივთებს, რის გამოც მათ საქონელზე მოთხოვნა მუდამ მაღალია — ამიტომ არის ინვესტორებისთვის ასეთი კომპანიების აქციები მუდამ მიმზიდველი.

სამომხმარებლო პროდუქტებზე მოთხოვნის ცვლილება ნაკლებად არის დამოკიდებული ოჯახების ბიუჯეტის ზრდა და კლებაზე. თუ შენი ოჯახის წლიური ბიუჯეტი 12 000 ლარია, მას საკვებისა და სხვა აუცილებელი ნივთების შეძენაზე მიმართავ და არა, მაგალითად, ავტომობილის ყიდვაზე. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი ფირმების ქცევა მნიშვნელოვნად განსხვავებულია მომხმარებელთა დისკრეციული სექტორის ქცევისგან — ამ სექტორში არსებული ფირმები არა მომხმარებელთა აუცილებელ საჭიროებებზე, არამედ მათ სურვილებზე არიან ორიენტირებულნი.

სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი ფირმები, როგორც წესი, შემოსავლების მაღალი ზრდით არ გამოირჩევიან, რადგან მათ უკვე მიაღწიეს განვითარების მაღალ წერტილს და გახდნენ ბაზრის ლიდერები. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ დატკბნენ სტაბილური ზრდით და საკუთარი მეწილეებისთვის დივიდენდები გასცენ.

სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების უპირატესობები

ფოტო:
Sung Jin Cho / Unsplash

ასეთი კომპანიების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ ციკლურობა არ ახასიათებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ეკონომიკის მძლავრი რეცესიის დროსაც კი მოთხოვნა მაღალია. ვინაიდან, ეს კომპანიები ისეთ პროდუქტებს ყიდიან, რომელთა გამოყენებაც პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას უკავშირდება, მათზე მოთხოვნა ყველაზე რთულ ეკონომიკურ სიტუაციაშიც კი არ იკლებს. მეტიც, COVID-19-ის პანდემიის პირველ ხანებში არაერთი ასეთი კომპანია აყვავდა, რადგან კრიზისის მოახლოებისას ადამიანებმა, პირველ რიგში, აუცილებელი ნივთების მომარაგება დაიწყეს.

სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი კომპანიები დივიდენდებსაც კარგად იხდიან. მათ ეკონომიკურ კრიზისების დროსაც კი შეუძლიათ, მშრალზე არ დატოვონ საკუთარი აქციონერები. ამ სექტორში დივიდენდების არისტოკრატებსაც შეხვდები, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ზრდიან დივიდენდების მოცულობას. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების აქციები მეტად მიმზიდველია საპენსიო ასაკის ინვესტორებისთვის, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ — მიიღონ სტაბილურად გარანტირებული შემოსავლები და არ იდარდონ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ილონ მასკის ტვიტი მათ ბიზნესზე.

ტოპ აქციები სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში

ფოტო:
Josh Calabrese / Unsplash

იმის გამო, რომ ეს სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია, აქ შეხვდებით ისეთ კომპანიებსაც, რომლებიც საუკუნეზე მეტია, რაც არსებობენ. საუბარია ბრენდებზე, რომლებმაც ბევრი კრიზისი გადალახეს და ახლა მათთან კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია. სტატიის მომდევნო ნაწილში რამდენიმე მათგანის შესახებ გიყვებით.

Costco Wholesale

კოსტკო სამომხმარებლო პროდუქტის წარმოებით არ არის დაკავებული, თუმცა ის მათ ყიდის. მისი პორტფელი, ძირითადად, სასურსათო და საყოფაცხოვრებო ნივთებს მოიცავს. ამ კომპანიას საკუთარ მომხმარებლებთან განსხვავებული მიდგომა აქვს, რაც კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს. კოსტკო საწევრო შენატანებიდანაც იღებს შემოსავლებს, რაც დაბალი ფასების შეთავაზების საშუალებას აძლევს და ამ მხრივაც კონკურენტულ უპირატესობაში ამყოფებს.

კორონავირუსის პანდემიამ საცალო გაყიდვების სექტორი ააყვავა. ზრდა დაფიქსირდა ელექტრონული გაყიდვების კუთხითაც. სწორედ ამიტომ, კომპანია კოსტკომ 2020 წლის მიწურულს საკუთარი აქციონერები სპეციალური დივიდენდით დააჯილდოვა და თითოეული აქციის ფლობისთვის 10 დოლარი გადაუხადა.

Procter & Gamble

Tide, Gillette, Crest და კიდევ 20-მდე ბრენდი, რომელთა წლიური შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს — ეს კომპანია Procter & Gamble-ია. ბრენდი თითქმის 200 წლისაა და საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოებით არის დაკავებული. P&G იმ კომპანიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ აქციონერებს ყოველწლიურად მზარდ დივიდენდს სთავაზობენ.

კომპანიამ რესტრუქტურიზაციისა და ხარჯების შემცირების შედეგად, ბაზარზე საკუთარი პოზიციები ისე გაამყარა, როგორც არასდროს. აქ არ უშინდებიან ინოვაციებს და ცდილობენ ისეთ გამოწვევებს აუწყონ ფეხი, როგორიც არის მცენარეული და არატოქსიკური პროდუქტების შექმნა.

ისევე, როგორც სხვა მსგავსმა კომპანიებმა, პანდემიის დროს P&G-მაც გაზარდა საკუთარი გაყიდვები. რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებლებს, ზრდა, ძირითადად, სილამაზისა და სახლის საყოფაცხოვრებო ნივთების სფეროში ფიქსირდება.

PepsiCo

ეს კომპანია საკვებისა და სასმლის არაერთ ბრენდს აერთიანებს. Frito-Lay-ს სნექების ნაწარმს იმაზე მეტი შემოსავალი მოაქვს კომპანიისთვის, ვიდრე მისის სასმელების ყველა ხაზს ერთად, რადგან აშშ-ში, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაზიანი სასმელებზე მოთხოვნა შემცირებულია.

2018 წელს კომპანია კიდევ უფრო გაფართოვდა და შეიძინა SodaStream, რისი საშუალებითაც PepsiCo გაზიანი სასმელების მწარმოებელ ფირმებს შორის დაწინაურდა. 2020 წელს კი, PepsiCo-მ ენერგეტიკული სასმელების ბაზრის ლიდერი — Rockstar Energy იყიდა. ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ კომპანიას შესყიდვებისა და გაფართოების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

კომპანია არ ღალატობს საკუთარ აქციონერებს და მათ კვარტალური დივიდენდებით აჯილდოებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 წლის განმავლობაში PepsiCo ყოველწლიურად ზრდის დივიდენდების მოცულობას.

შეჯამება — ღირს ამ სექტორში ფულის დაბანდება?

ფოტო: Tyler Franta / Unsplash

ამ სექტორის გიგანტ კომპანიებს სტაბილური გაყიდვები აქვთ და რამდენიმე შვილობილ კომპანიას ფლობენ. ისინი დივიდენდებსაც პერმანენტულად იხდიან და ბაზარზე არსებულ რისკებსაც მარტივად უმკლავდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინდუსტრია ნაკლებად ინოვაციურია და მისი ზრდაც ნელ ტემპებში მიმდინარეობს, აქ წარმოებულ პროდუქტებზე არსებული სტაბილურად მაღალი მოთხოვნა, ასეთი კომპანიებს აქციებს მუდმივად მომგებიან პოზიციაში ამყოფებს.

მოკლედ, სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელ ფირმებს აქვთ რეცესიების გამკლავების შესაშური უნარი. ისინი მუდმივად მზარდ დივიდენდებს იხდიან და ნელ ტემპებში, მაგრამ მაინც იზრდებიან. სწორედ ამიტომ, ამ სექტორში არსებული აქციებით ისეთი ინვესტორები ინტერესდებიან, რომლებიც საიმედო და შემოსავლიან ფასიან ქაღალდებს ეძებენ.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.