ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა — კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა თებერვლის შემდეგ, ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა, ჯასინდა ანდერნმა მთელი სახელმწიფოს მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა.
როგორც ანდერნმა სამშაბათს პრესასთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების ვარაუდით, იგი გადამდები დელტა ვარიანტია, თუმცა გენომური თანმიმდევრობის კვლევა ახლაც მიმდინარეობს.
კოვიდი 58 წლის აუცრელ მამაკაცს დაუდასტურდა ქვეყნის უდიდეს ქალაქ ოკლენდში. ჯანდაცვის გენერალური დირექტორის, ეშლი ბლუმფილდის თქმით, კაცი აქამდე ქვეყნის სხვა მხარეებშიც იმყოფებოდა და საზღვართან აშკარა კავშირი ჰქონდა.
ახალ ზელანდიაში მომდევნო სამი დღის განმავლობაში უმკაცრესი კარანტინი იქნება გამოცხადებული, რომელიც, ადგილობრივი დროით, სამშაბათს, ღამის 11:59-ზე დაიწყება, ხოლო ოკლენდსა და კორომანდელის ნახევარკუნძულში კი, სადაც პაციენტმა იმოგზაურა, შესაძლოა უმკაცრესმა კარანტინმა ერთი კვირით გასტანოს. მეოთხე დონის კარანტინის ფარგლებში, ყველას სახლში დარჩენა მოეთხოვება, ბიზნესები კი, აუცილებელ სერვისებს თუ არ ჩავთვლით, დაიკეტება.
ანდერნის თქმით, ყველაზე სერიოზულ კარანტინში ახალი ზელანდია ბოლოს ჯერ კიდევ შარშან მოექცა.
"ჩვენ შეგვიძლია, ოკეანის მიღმა მდებარე ქვეყნების გამოცდილებიდან ვისწავლოთ, რა მოქმედებები ამართლებს და რა — არა", — განაცხადა ანდერნმა — "დელტას გავრცელების შესაჩერებლად მტკიცე და ადრეული ზომების მიღება ისევ გვჭირდება. ვნახეთ, რაც შეიძლება მოხდეს, თუ მის დამორჩილებას ვერ შევძლებთ — ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვეძლევა".
ახალი ზელანდია ვირუსთან გამკლავების მხრივ სანაქებო აღმოჩნდა. მან ნაადრევად დააწესა საზღვრებზე მკაცრი კონტროლი, რითიც ვირუსის გამანადგურებელი გავრცელება აირიდა თავიდან. სამშაბათის განცხადებამდე ქვეყანაში ცხოვრება ნორმალურადაც კი მიმდინარეობდა, თვის დასაწყისში კი სასაზღვრო კონტროლის შესუსტებაზეც მიდიოდა საუბარი 2022 წლიდან.
მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში ვაქცინაცია ნელა მიმდინარეობს: CNN-ის შეჯერებული მონაცემების მიხედვით, იქ მოსახლეობის 20%-ზე ნაკლებია სრულად ვაქცინირებული.
ახალი ზელანდიის 5 მილიონიანი მოსახლეობიდან კოვიდ-19-ის 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა და მხოლოდ 26 სიკვდილია დაფიქსირებული.
კომენტარები