მეცნიერებმა შავი ჭირის ახალი ვაქცინა შექმნეს და ის ადამიანებზე ცდებისთვის მზადაა
ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჭირის ვაქცინის ცდების პირველი ფაზა დაიწყო. ვაქცინა იმ ტექნოლოგიით განავითარეს, რითაც მსოფლიო COVID-19-ის დამარცხებას ცდილობს.
ჭირი თავისი ისტორიული შავი ჭირის ეპიდემიითაა ცნობილი, რომელმაც მე-14 საუკუნეში ევროპის მოსახლეობის ნახევარი შეიწირა. თუმცა, ჭირი პერიოდულად დღესდღეობითაც მძვინვარებს ხოლმე აფრიკაში.
გამოწვეული ბაქტერია Yersinia Pestis-ით, (Y. pestis) ჭირი ცხოველებიდან ადამიანებზე პარაზიტების საშუალებით გადადის და ორგანიზმში სწარაფად ვრცელდება. ჭირის პირველადი სიმპტომები გაციების სიმპტომებს ჰგავს — სიცხე, ცხელება, ტკივილები, დაღლილობა — თუმცა, საბოლოოდ დაავადება ლიმფურ ჯირკვლებს უტევს, შემდეგ კი სისხლში გადადის და სეპტიკურ ჭირს იწვევს. მკურნალობის გარეშე, ჭირი ხშირ შემთხვევაში ფატალურია.
1990 წლის მერე, 25 ქვეყანაში ჭირის შემთხვევები გაიზარდა. 2010-2015 წლებში გლობალურად 3248 შემთხვევა და 584 სიკვდილი დაფიქსირდა. მხოლოდ 2017 წელს, მადაგასკარში, ეპიდემიის დროს 2119 სავარაუდო და დადასტურებული ჭირის შემთხვევა და 171 სიკვდილი აღირიცხა.
ამჟამად, ჭირის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა მედიკამენტებია. თუმცა, ამ შემთხვევაში, სწრაფ დიაგნოზს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
"იმის მიუხედავად, რომ ანტიბიოტიკებს ჭირის განკურნება შეუძლიათ, რეგიონები რომლებიც ეპიდემიის გავრცელების ზონას წარმოადგენენ, ხშირად შორს, მიუწვდომელ ადგილებშია. ასეთ რეგიონებში, ვაქცინა ჭირის დასამარცხებლად საუკეთესო პრევენციის სტრატეგიად შეიძლება იქცეს", — განმარტა ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგმა ქრისტინე როლიემ.
"ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფმა" ადენოვირუსის (გაციების ვირუსის) გამოყენებით, რომელიც ადამიანებში არ მრავლდება, AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის მსგავსი, შიდაკუნთოვანი ვაქცინა შექმნა.
ვაქცინაში შემავალი ვირუსი Y. pestis-ის ბაქტერიის ცილის გენეტიკურ კოდს ვაქცინირებული ადამიანის სხეულში შეიტანს და მარტივად რომ ითქვას, იმუნურ სისტემას ასწავლის, რომ თვით ცილა და აქედან გამომდინარე მთლიანი ჭირის გამომწვევი ბაქტერია "მტრად" აღიქვას და გააუვნებლოს — ზუსტად ისე, როგორც COVID-19-ის ვაქცინები იმუნურ სისტემას წვრთნიან რათა ვირუსის "ეკალი" ცილა ამოიცნოს და ვირუსი მიზანში ამოიღოს მისი ორგანიზმში შეღწევისას.
ჯერჯერობით, ვაქცინის ცდები მხოლოდ ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარდა, თუმცა დამაიმედებელი შედეგებით.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები