შეერთებულ შტატებში მილიონობით ადამიანი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს: პატარა ნაცრისფერმა კაცუნებმა არაამქვეყნიურ გემზე აიყვანეს და კვლევითი მიზნებით მეტალის ზონდებიც ჩაარჭვეს ფრიად არაკომფორტულ ადგილებში. სტატიაში იმის ახსნას შევეცდებით, მოეძებნება თუ არა ადამიანების ამ უჩვეულოდ ხშირ გამოცდილებას სამეცნიერო საფუძველი.

International Journal of Dream Research-ის მოხსენების მიხედვით, რუსეთის ფაზური კვლევის ცენტრი გვთავაზობს, რომ უცხოპლანეტელთა მიერ გატაცების ისტორიები ღრმა ძილის ფაზაში ნანახი სიზმრებით აიხსნება.

კვლევისთვის მეცნიერებმა 152 ადამიანი შეარჩიეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ აქამდე ლუციდური სიზმარი გამოცდილი ჰქონია. ლუციდური სიზმარი სიზმრის ტიპია, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. მონაწილეებს სთხოვეს, რომ უცხოპლანეტელების ან ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მოხმობა ან მოძებნა ეცადათ, როცა ღამით სახლში ჩვეულებისამებრ დაიძინებდნენ. აღმოაჩინეს, რომ 114-მა მოხალისემ (75%) წარმატებით შეძლო ისეთი სიზმრის განცდა, რომელიც უცხო პლანეტიდან მოსული არსებებითა თუ გარკეული სახის უცხოპლანეტელთა თავდასხმის ეპიზოდებით ხასიათდებოდა.

იმ ადამიანთა 61%, რომელთაც წარმატებით "დაისიზმრეს" უცხოპლანეტელები, აცხადებდა, რომ მათი ფიგურები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებისა და წიგნების უცხოპლანეტელებს ჰგავდა, როცა 19% იმას ამბობდა, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანებივით გამოიყურებოდნენ, ხოლო 4% გადმოსცემდა, რომ ისინი უხილავები იყვნენ. სიზმრების დაახლოებით 28% უცხოპლანეტელთა კოსმოსურ ხომალდსაც მოიცავდა, სადაც 10% მის შიგნით მიმდინარეობდა, ადამიანთა 3% კი ამბობდა, რომ მფრინავი ობიექტის შიგნით დაფრინავდა.

"დავინახე, რომ უცხოპლანეტელი მეძებდა. მას დაგრძელებულთავიანი ადამიანის პროპორციები ჰქონდა, ნაცრისფერი კანი, დიდი თვალები და უცხვირო იყო. დაჟინებული მცდელობის შედეგად გავიხსენე, რომ სიზმარში ვიყავი, მაგრამ შიშის გამო მის მიმდინარეობას თავი მაინც ვერ დავაღწიე", — სიზმრის გახსენებისას განაცხადა ერთ-ერთმა ცდისპირმა.

ფოტო: COSMIN4000/GETTY IMAGES

"პატარა კაცები ლურჯი, გლუვი კანით, ადამიანის სიმაღლით, არასტანდარტული, დიდი თავებით და უზარმაზარი, შავი ფერის გამობერილი თვალებით. გრძელი მკლავები ჰქონდათ, თითებიც ასევე დაგრძელებული, თითო ხელზე ოთხი. წამოვიმართე და თავში ფრაზამ გამიელვა: "ნუ გეშინია, ჩვენ მეგობრები ვართ", — სხვა ცდისპირი.

ფოტო: Science Picture Co. / Getty Images

მიგნებებიდან გამომდინარე, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ადამიანები შესაძლოა სპონტანურად ერთვებოდნენ სიზმრებში, სადაც უნებლიედ აღიბეჭდება უცხოპლანეტელების მიერ გატაცება, შემდეგ კი რეალობაში ერევათ. მათ ასევე აღნიშნეს წინა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც უცხოპლანეტელებთან შეტაკების ამბავთა დაახლოებით ნახევარი მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანს სძინავს ან მოდუნებულ მდგომარეობაშია.

"ჩვენი ძირეული ჰიპოთეზა დადასტურებულია: როგორც ჩანს, ძილის დროს მიმდინარე მოულოდნელი შეხვედრები უცხოპლანეტელებსა და მფრინავ ობიექტებთან ისევე, როგორც გატაცებები, შესაძლოა იმიტირებულ იქნას ადამიანის სურვილისა და წინასწარგანზრახული ქმედებების შესაბამისად", — ასკვნის კვლევა.

უცხოპლანეტელთა თავდასხმები საუკუნეების მანძილზე აღირიცხებოდა, მაგრამ მოხსენებებმა სწრაფი გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც 1960-იან წლებში გახმაურებულმა პრეტენდენტებმა გააზიარეს თავიანთი ისტორიები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანგარიში ბარნი და ბეტი ჰილებს ეკუთვნოდათ, ამერიკელ წყვილს, რომელიც ამტკიცებდა, რომ 1961 წლის სექტემბერში არაამქვეყნიურმა არსებებმა გაიტაცეს. აქედან მოყოლებული, უცხოპლანეტელთა მიერ განხორციელებულ გატაცებათა ამბები პოპულარული კულტურის რეგულარული ნაწილი გახდა, კვლევის ავტორები კი ამტკიცებენ, რომ ადამიანთა წარმოსახვაზე სწორედ ამან იქონია გავლენა.

ბეტი და ბარნი ჰილები

ბეტი და ბარნი ჰილები

მათმა ამბავმა არაერთ ეკრანიზაციას დაუდო საფუძველი.

ფოტო: Bettmann Archive/Getty Images

კვლევამ გარკვეული ლიმიტები უნდა გაითვალისწინოს — ყველა მონაცემი მონაწილეთა თვითანგარიშისგანაა მიღებული. კვლევა არა ლაბორატორიულ პირობებში, არამედ ონლაინ ჩატარდა. ამასთანავე, იმის აღმოჩენა, რომ ადამიანებს შეუძლიათ უცხოპლანეტელთა თავდასხმა "დაისიზმრონ", ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა გამოცდილება ამის შედეგი უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, კვლევა იგივე დასკვნებამდე მიდის, როგორც სხვა სამეცნიერო მონაპოვრები უცხოპლანეტელთა თავდასხმის საქმეებში. ძირითადი დასკვნები იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდილებები რაღაცნაირად სიზმრებსა და ღრმა ძილის ფაზაში განვითარებულ სხვა ფენომენთანაა დაკავშირებული. მაგალითად, 2005 წლის კვლევაში ფსიქოლოგები 10 ადამიანს გაესაუბრნენ, რომლებმაც გატაცების შესახებ განაცხადეს და აღმოაჩინეს, რომ მათი მტკიცებები ძილის პარალიზის ხილვად ეპიზოდებს უკავშირდებოდა, რომლის დროს განვითარებული ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები უცხოპლანეტელ არსებებად იქნა აღქმული.