გამოავლინეს ცილა, რომელიც კიბოს ორ სუპერკლასად დაყოფის საშუალებას იძლევა — კვლევა
Sinai Health-ის მკვლევრებმა გამოავლინეს ცილა, რომლის დახმარებითაც მათ კიბოს დაავადებების ორ მთავარ კატეგორიად დაყოფა შეუძლიათ. ამ ცილის არსებობას ან არარსებობას შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს იმ დაავადებების მკურნალობაზე, რომლებიც კიბოს ფართო კატეგორიაში ექცევიან.
ჟურნალ Cancer Cell-ში გამოქვეყნებული კვლევის თამახმად, YAP ცილა კიბოს უჯრედებში ან "ჩართულია", ან "გამორთული", რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედი მოცემულ ცილას ან აწარმოებს, ან არა. განსხვავება ამ ცილის გამოხატულებაში იწვევს წამლის მიმართ მგრძნობელობისა და რეზისტენტულობის ვარიაციას.
YAP ჰიპო სიგნალებს არეგულირებს, რომლებიც ორგანოების ზომასა და უჯრედების ზრდას აკონტროლებენ. ამ სიგნალების წარმოების მწყობრიდან გამოსვლა კი კიბოს უჯრედების ანომალურ გამრავლებას იწვევს.
"YAP ცილის აქტიურობასა და პასიურობას, რაღაც გაგებით, კიბოზე თავისი საპირისპირო ეფექტი აქვს. YAPon ტიპის კიბოს YAP ცილა სჭირდება რათა ზრდა განაგრძოს. იმავე ლოგიკით, თუ YAPoff ტიპის კიბოს პროგრესირების შესაჩერებლად, უჯრედში არარსებული YAP ცილები უნდა "ჩაირთონ", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა და ლუნენფელდ-ტანენბაუმის კვლევის ინსტიტუტის (LTRI) მკვლევარმა, როდ ბრენმერმა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სტატისტიკურად YAPoff კიბოებს მაღალი სიკვდილიანობა აქვთ და ასევე ის, რომ პროსტატის ან ფილტვის კიბო შეიძლება YAPoff ტიპისა იყოს და YAPon ტიპის გახდეს, ან პირიქით.
"ამ მარტივი ბინარული წესის საშუალებით, შეგვიძლია ზოგადი სტრატეგიები შევიმუშაოთ კიბოების სამკურნალოდ, რომლებიც ორი სუპერკლასიდან [YAPoff ან YAPon] ერთ-ერთს მიეკუთვნებიან. რადგან კიბო თავისით იცვლის ამ კლასებს, ორიდან ერთ-ერთი სუპერკლასის მკურნალობის გზის პოვნა შეიძლება დაგვეხმაროს კიბოს მკურნალობის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტულობის შემცირებაში", — განმარტა კვლევის თანაავტორმა ჯოელ პირსონმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები