ამაზონის ჯუნგლები ახლა უკვე იმაზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს
ამაზონის ჯუნგლების რეგიონები ახლა იმაზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ ატმოსფეროში, ვიდრე შთანთქავენ. ექსპერტების გაფრთხილებით, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ გარდამტეხ წერტილს ვუახლოვდებით, რომელზეც პლანეტის ტროპიკული ტყეების ყველაზე დიდი რეგიონიც კი, რომელსაც დედამიწის ფილტვებს ეძახიან, ჩვენი ხსნის ნაცვლად, კლიმატის ცვლილებაში დაიწყებს წვლილის შეტანას.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ცვალებადი ამინდის მოდელები ამცირებს ამაზონის უნარს, შთანთქას ნახშირორჟანგი. ეს მოდელები, გლობალური დათბობის წყალობით, უფროდაუფრო ხშირი გახდება, რაც მომავალში მეტი ნახშირორჟანგის გაფრქვევას გამოიწვევს გარემოში. ამ უკუკავშირმა, შესაძლოა, კიდევ მეტი ზიანი მიაყენოს გლობალურ გარემოს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერება 2010-18 წლებში ამაზონის ჯუნგლების თავზე ასობით ფრენისას ჩატარებული ჰაერის გაზომვები შეისწავლეს. ტყის ჩეხამ, ხის მასალების წვამ და მძიმე გვალვებმა აღნიშნული ეფექტი მხოლოდ გააუარესეს.
"როგორც აღმოჩნდა, ნახშირორჟანგის სრული გაფრქვევის მაჩვენებელი ამაზონის ჯუნგლების აღმოსავლეთ ნაწილში უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთში, რაც, უმეტესად, ნახშირორჟანგის მონოქსიდის გამონაბოლქვის სივრცით გავრცელებას უკავშირდება", — წერს მოხსენებაში მკვლევართა საერთაშორისო გუნდი. "სამხრეთაღმოსავლეთი ამაზონი კი, აქ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევის მთავარ წყაროს წარმოადგენს".
თუმცა, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამ ტენდენციის შეცვლა, შესაძლოა, არ იყოს ძალიან დაგვიანებული. თომას ლავჯოიმ ჯორჯ მასონის უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევაში არ იყო ჩართული, New York Times-ს განუცხადა, რომ ჩვენი "უნარი, ისევ ავაშენოთ უსაფრთხოების ზღვარი" რეფორესტაციის გზით, საკმაოდ რეალურია. "არ მგონია, რომ ოდესმე იმას დავაბრუნებთ, რაც აქამდე იყო, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება ნამდვილად შეგვიძლია".
მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის, ამაზონში აჩქარებული დეფორესტაციის წყალობით, ეს ფენომენი მხოლოდ გაუარესდება. პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, რომელიც ამ ტენდენციის შემცირებისკენაა მიმართული, დეფორესტაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო დროს, კერძოდ კი COVID-19-ი გამოწვეული პანდემიისას.
ეს ძალიან დელიკატური და სახიფათო მომენტია, რომელიც დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებს. ჟურნალ Science Advances-ის სარედაქციო წერილში მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ "ძვირფასი ამაზონი ფუნქციური განადგურების პირასაა და მასთან ერთად ვართ ჩვენც".
"დღეს უკვე ზუსტად გადამწყვეტ მომენტში ვართ — გარდატეხის წერტილი უკვე აქაა, ახლა", — დაასკვნეს მათ.
კომენტარები