წყვილების ⅔ ურთიერთობას მეგობრობით იწყებს — კვლევა
კვლევის მიხედვით, მეგობრობასა და რომანტიკულ ურთიერთობას საშუალოდ 22 თვე აშორებს.
როდესაც ჰარი სალის პირველად შეხვდა, მტკიცედ სჯეროდა, რომ ქალსა და კაცს შორის მეგობრობა შეუძლებელია, ვინაიდან "სქესობრივი ნაწილი ყოველთვის ხელისშემშლელია".
მიუხედავად ამ იდეისა, ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ წყვილთა დაახლოებით ⅔ ურთიერთობას მეგობრობით იწყებს და რომანტიკული ნაპერწკლის გაჩენამდე დიდი ხნით რჩება მეგობრობის ფაზაში.
"ორი უცნობის დაახლოებისას — ყავის მაღაზიაში ნასროლი ალმაცერი მზერა იქნება ეს თუ გაცნობის საიტზე შერჩევა — სიტუაცია კარგადაა აღწერილი ფილმებში, ხოლო სოციოლოგიური კვლევები ისეთი პარტნიორის შერჩევის კუთხით, რომელიც ზედგამოჭრილი იქნება, ნაკლებად არის ცნობილი", — თქვა კანადის ვიქტორიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, დანუ ანტონი სტინსონმა.
სტინსონმა და კოლეგებმა 1900-მდე სტუდენტისა და სხვა ზრდასრულების (მათგან 677 იყო დაქორწინებული ან სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფი) გამოცდილება შეისწავლეს და ჰკითხეს, მეგობრობდნენ თუ არა მათ ამჟამინდელ პარტნიორთან, სანამ რომანტიკულ ურთიერთობაში ჩაებმებოდნენ.
მონაწილეთა 68%-მა აღნიშნა, რომ მათი ამჟამინდელი ან ბოლო რომანტიკული ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მიუხედავად გენდერის, ასაკის, განათლების დონის თუ ეთნიკური ჯგუფისა. მეგობრობით დაწყებული ურთიერთობების რიცხვი უფრო მაღალიც კი იყო 20-დან 29 წლამდე ადამიანებსა და LGBTQ+ ადამიანებში, სადაც წყვილთა 85% ამბობდა, რომ მათი რომანი მეგობრობით დაიწყო.
"თუ როგორ გადადის პლატონური ურთიერთობა რომანტიკულში და სინამდვილეში, რა მიჯნავს მეგობრებსა და საყვარლებს, კვლავ პასუხგაუცემელი კითხვაა", — თქვა სტინსონმა.
მისი თქმით, კვლევაში მონაწილეთა მიერ დაწერილი ანგარიშები სრულიად სასაცილო იყო. ზოგი ხელების ჩაკიდებას, ოჯახის წევრებთან გაცნობას, ერთად მოგზაურობას, ცეცხლის წინ ჩახუტებას და სქესობრივ აქტსაც კი მეგობრობად აღწერდა, სხვებს კი მოცემული ქცევები რომანტიკულად მიაჩნდათ.
"ასე რომ, დიდი, უწესრიგო და ბუნდოვანი ხაზია მეგობრობასა და რომანს შორის, რაც გამოკვეთს, რომ ნამდვილად შეუძლებელია განსაზღვრო სხვისთვის რა მეგობრობაა და რა — რომანი. ისინი ამას თავად ადგენენ", — თქვა მან.
კვლევაში დაახლოებით 300 სტუდენტს ისიც ჰკითხეს, რამდენი ხანი გაგრძელდა მათი “მეგობრული ფაზა” და ერჩივნათ თუ არა, რომანტიკული მიმართულებით წასვლამდე ჯერ მეგობრები ყოფილიყვნენ. საშუალოდ, მონაწილეები მეგობრებად ურთიერთობის რომანტიკულ საზღვრებში გადასვლამდე თითქმის 22 თვით რჩებოდნენ და მთლიანი ჯგუფის თითქმის ნახევარი თვლიდა, რომ ჯერ მეგობრობით დაწყება ახალი რომანტიკული ურთიერთობის გასაღვივებლად საუკეთესო გზა იყო სხვა წარმოდგენილ ვარიანტებთან შედარებით. (მაგალითად, ონლაინ პაემანი ან წვეულებაზე შეხვედრა). ამას მკვლევრები ჟურნალ Social Psychological and Personality Science გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნავენ.
"ვხედავთ "დაფრენდზონებაზე" მოწუწუნე ხალხს. ეს კი დაფუძნებულია იდეაზე, რომ ქალებსა და კაცებს შორის ურთიერთობა რაღაცნაირად, სტანდარტულად, თითქოს სექსუალურია. მაგრამ თუ სინამდვილეში ვკითხავთ ხალხს, ისინი ამბობენ, რომ აქვთ მეგობრული ურთიერთობები ნებისმიერი გენდერის ისეთ ადამიანთან, რომელთა მიმართაც თეორიულად, ერთ დღეს შესაძლოა მიზიდულობაც კი განუვითარდეთ. ზოგჯერ ისინი მოქმედებენ ამის შესაბამისად, ზოგჯერ კი — არა", — თქვა სტინსონმა.
კომენტარები