ფსიქოდელიურ სოკოს დეპრესიისგან დაზიანებული ტვინის უჯრედების აღდგენა შეუძლია — კვლევა
ფსილოციბინმა, რომელიც ბუნებრივად ვლინდება ზოგიერთ სოკოში, თაგვებზე კვლევისას ნეირონების კავშირის აღდგენის მხრივ პოზიტიური შედეგები აჩვენა. კვლევა ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზიანი, რომელსაც დეპრესია აყენებს თქვენს ტვინს, შეიძლება შექცევადი იყოს ფსიქოდელიური სოკოთი.
ფსიქოდელიურ სოკოს თაგვებში ნეირონული კავშირების გაზრდა შეუძლია
"ჩვენ დავინახეთ ნეირონული კავშირების 10%-იანი ზრდა, შესაბამისად კავშირები უფრო ძლიერი იყო", — ამბობს კვლევის ავტორი ალექს კვანმა, რომელიც ასევე არის იელის ფსიქიატრიის და ნეირომეცნიერების ასოცირებული პროფესორი.
ადრეულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მიანიშნა, რომ ფსილოციბინს, საანესთეზიო კეტამინთან ერთად დეპრესიის შემცირება შეუძლია. ახლა კი ამ უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ნაერთები ასევე ზრდის დენდრიტული ქაცვების სიმკვრივეს და მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ინფორმაციის გადაცემას ერთი ნეირონიდან მეორეზე. ცნობისთვის, დეპრესია და ქრონიკული სტრესი ნეირონული კავშირების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორია.
მეცნიერებმა თაგვებში ცვლილებები კვლევის პირველივე დღეს შენიშნეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა და თაგვებმა, რომლებიც ადრე სტრესულ სიტუაციებში იყვნენ, ფსილოციბინის მიღების შემდეგ, გაზრდილი ნეიროტრანსმიტერული აქტივობით, თავს უკეთ გრძნობდნენ.
"ნამდვილი სიურპრიზი იყო ასეთი მდგრადი ცვლილებების დანახვა მხოლოდ ერთი დოზა ფსილოციბინის მიღების შემდეგ. ეს ახალი კავშირები შეიძლება იყოს სტრუქტურული ცვლილებები, რომელსაც ტვინი დადებითად გამოიყენებს", — ამბობენ მკვლევრები.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფსიქოდელიურ ნივთიერებას დეპრესიის სამკუნრალოდ გამოყენებას ცდილობენ. სულ ცოტა ხნის წინ, აღმოაჩინეს ფსიქოდელიური ნივთიერება, რომელიც ჰალუცინაციებს არ იწვევს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები