82 წლის ქალს, რომელიც 60 წელია ასტრონავტობას ცდილობს, კოსმოსში ჯეფ ბეზოსი წაიყვანს
Blue Origins-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი, 20 ივლისს კოსმოსურ გაფრენას გეგმავს. ერთ-ერთი ვინც მასთან ერთად გაფრინდება, მისი ძმა მარკია. მეორე ადგილი კოსმოსურ ხომალდში აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო მესამე მგზავრი აღმოჩნდა 82 წლის ქალი, უოლი ფანკი, რომელიც 60 წელი ემზადებოდა კოსმოსში წასასვლელად.
ჯეფ ბეზოსის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იწვევს ის ფანკს ამ მისიის შესასრულებლად. ვიდეოშივე ჩანს ქალის სიხარული მოწვევასთან დაკავშირებით.
"ნასასთან ოთხჯერ მივედი და ვუთხარი, რომ ასტრონავტი მინდა გავხდე", — თქვა ფანკმა, მაგრამ მას ეუბნებოდნენ, რომ ის ვერასდროს ავიდოდა კოსმოსურ ხომალდში. "იცით რა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, მთავარია რა გინდა", — თქვა ფანკმა.
უოლი ფანკი 1961 წლის თებერვალში მონაწილეობდა პროგრამაში, "მერკურ 13", იგივე "ქალები კოსმოსურ პროგრამაში". მას გავლილი ჰქონდა ყველა ტრენინგი და ტესტირება, რაც საჭირო იყო კოსმოსში მოსახვედრად. თუმცა მისი ოცნება ვერ ასრულდა და ის კოსმოსში ვერ წავიდა.
ფანკმა გაატარა 10 საათი და 35 წუთი სენსორულ იზოლირებულ ავზში, "მერკურ 13"-ის ტესტირებისას, სადაც ცნობილ ასტრონავტს ჯონ გლენს აჯობა. მას აქვს დიდი გამოცდილება პილოტად მუშაობის კუთხითაც.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ფანკმა შეიძინა ბილეთი ბორტზე, რომელიც აშენდა რიჩარდ ბრენსონის მხარდაჭერილი კომპანიის, Virgin Galactics-ის მიერ, რომელიც არის Blue Origins-ის კონკურენტი. ჯერ კიდევ უცნობია აპირებს თუ არა ფანკი Virgin Galactics -თან გაფრენას, მას შემდეგ რაც ის ჯეფ ბეზოსთან ერთად, კოსმოსში Blue Origin-ით გაემგზავრება.
კომენტარები