NASA-ს ახალ ხელმძღვანელს, ბილ ნელსონს სჯერა, რომ სადღაც კოსმოსში უცხოპლანეტელები აუცილებლად იარსებებენ.

"ვართ თუ არა სამყაროში მარტონი? პირადად მე ვფიქრობ, რომ მარტო არ ვართ", — უთხრა ნელსონმა CNN-ს.

ინტერვიუ მას შემდეგ ჩაიწერა, რაც პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ანგარიში გამოაქვეყნა. მიუხედავად დასკვნის მთავარი აზრისა, რის მიხედვით "ჩვენ ბოლომდე არ ვიცით ეს რა ობიექტებია", როგორც ჩანს, ნელსონი მაინც დარწმუნებულია, რომ სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც უნდა იყოს.

პენტაგონის ბოლო ანგარიშში აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არაა, რაც უცხოპლანეტელების არსებობაზე მიანიშნებდა. თუმცა, ის ვერც ამოუცნობი ობიექტების ფენომენს ხსნის. შესაბამისად, NASA-ს ახალ ხელმძღვანელს, შესაძლოა, არ აქვს უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულება, მაგრამ მას მათი არსებობის მაინც სჯერა.

"როდესაც ვსაუბრობთ სამყაროზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, NASA-ში გვაქვს პროგრამა, რომელსაც ეწოდება "უცხოპლანეტარული ინტელექტის ძიება". თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ უცხო ცივილიზაციის არსებობის მტკიცებულებები არ მიგვიღია", — უთხრა ნელსონმა CNN-ს.

რობო-ჯაშუშები

ამოუცნობი ობიექტების არსებობის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება ე.წ. სხვა ქვეყნების მიერ შექმნილი რობო-ჯაშუშები იყოს. თუმცა, როგორც ნელსონმა განაცხადა, ისეთი ობიექტები, რომლის სიჩქარეს და მოძრაობის ტრაექტორიას ვერ ვსაზღვრავთ, სხვა ქვეყანას გასაიდუმლოებულად ფიზიკურად ვერ ექნება.

"თუ განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას, სადაც საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა უცნობი ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც მოულოდნელად აჩქარდა და გაქრა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს სხვა ქვეყნის რობო-ჯაშუში ვერ იქნება. მიზეზი მარტივია, ასეთი ტექნოლოგიები ჯერ არავის აქვს. თუ რა შეიძლება იყოს ეს, ამაზე ზუსტი პასუხები ჯერ არ გვაქვს", — უთხრა CNN-ს ბილ ნელსონმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.