პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ანგარიში გამოაქვეყნა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა ახლახან გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული ანგარიში "ამოუცნობი საჰაერო მოვლენების" შესახებ, რომელიც არსებითად "ამოუცნობი მფრინავი ობიექტების" (UFO) ერთგვარ რებრენდინგს წარმოადგენს.
ანგარიში 9 გვერდიან დოკუმენტს წარმოადგენს და მასში პენტაგონის აღიარება უფროა ასახული, ვიდრე რამე კონკრეტული. აღიარება იმის შესახებ, რომ UFO-ების გამოჩენის აბსოლუტური უმრავლესობის ახსნა მათ არ შეუძლიათ.
გამოქვეყნებამდე ანგარიში დიდი სპეკულაციების საგანი იყო, რადგან ადამიანები უშვებდნენ იმის ალბათობას, რომ პენტაგონს უცხოპლანეტური სიცოცხლის შესახებ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა, ანგარიში ამ კუთხით იმედგამაცრუებელი გამოდგა.
"ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, რომლებიც ამ ამოუცნობ საჰაერო მოვლენებს უცხოპლანეტების მიერ ინფორმაციის შეგროვებასთან დააკავშირებს და არც ის მონაცემები გვაქვს, რომლებიც პოტენციური მოწინააღმდეგის ტექნოლოგიურ უპირატესობაზე მიანიშნებს", — განუცხადა აშშ-ის მთავრობის ანონიმურმა წარმომადგენელმა NBC News-ს, სანამ აღნიშნულ მოხსენებას გამოაქვეყნებდნენ.
თვითონ ანგარიში კი კომიკურად ბუნდოვანია:
"არსებობს რამდენიმე ტიპის UAP (ამოუცნობი საჰაერო ფენომენი), რომელიც სხვადასხვა სახის ახსნას ითხოვს. ახსნას გამოჩენისა და ქცევის მახასიათებლების გათვალისწინებით", — ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია — "ჩვენ მიერ ჩატარებული მონაცემთა ანალიზი მხარს უჭერს კონსტრუქტს, რომლის მიხედვითაც ცალკეული UAP ინციდენტები პოტენციურ განმარტებით კატეგორიებში ხვდება. ესენია: საჰაერო ხომალდები, ბუნებრივი ატმოსფერული მოვლენები, აშშ-ის ინდუსტრიის განვითარების პროგრამები, უცხოელი მოწინააღმდეგეების სისტემები და სხვა."
ჯამში, ანგარიში 144 ინციდენტს მიმოიხილავს, რომელთაგანაც 143-ის ახსნა გამოძიების შედეგად ვერ მოხერხდა.
თუმცა, ანგარიში მაინც მოიცავს რამდენიმე საინტერესო ცნობას:
"მცირე რაოდენობის შემთხვევებში, სამხედრო თვითმფრინავების სისტემებმა დაამუშავეს რადიოსიხშირული (RF) ენერგია, რომელიც უკავშირდება UAP-ის დანახვას".
"UAPTF ფლობს მცირე რაოდენობით მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს ამ მოვლენებთან დაკავშირებულ აჩქარებას ან ელექტრონული ხელწერის/კვალის დახრას. თუმცა, საჭიროა დამატებითი ანალიზი მრავალი ჯგუფისა და ტექნიკური ექსპერტების მხრიდან, იმისათვის, რომ ამ მონაცემების ხასიათი და ვალიდურობა განისაზღვროს".
საერთო ჯამში, მიუხედავად დიდი მოლოდინისა დოკუმენტის მიმართ, ანგარიში მაინც არ გვაძლევს კონკრეტულ ინფორმაციას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ. იმას კი ნამდვილად გვიჩვენებს, რომ პენტაგონში ამ მოვლენების ახსნას და მონაცემების შეგროვებას ცდილობენ, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
კომენტარები